თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც პატიმრებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს, ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინსიტროს ვებგვერდზე.
საუბარია პირველ აკადემიურ საფეხურზე — ბაკალავრიატზე.
„უმაღლესი განათლების მიღების უფლებით ისარგებლებს გათავისუფლებისთვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პატიმრებს, ისევე როგორც ჩვეულებრივ აბიტურიენტებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ.
იმ უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალი, რომლებიც მზად არიან პატიმრების მისაღებად, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ახლა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატიმრების სწავლების ფორმაზე მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით მოხდება სწავლება — დისტანციურად, თუ უშუალოდ ლექციებზე დასწრებით.
ახლა საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობაში განიხილება და მოწონების შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტი მას პარლამენტში გადააგზავნის.
ამ ეტაპზე პენიტენციურ დაწესებულებებში ხელმისაწვდომია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა და მოკლევადიანი სასწავლო კურსები, რომელთა დასრულების შემდეგაც მსჯავრდებულები შესაბამის სერტიფიკატებს იღებენ.
დღეისათვის საგანმანათლებლო პროგრამებში 1060-ზე მეტი მსჯავრდებულია ჩართული.