დედაწართმეული შვილები, მავთულხლართების მიღმა სამყარო - უფალო, შეუნდე!

© photo: Sputnik / Denis Aslanovრუსთავის ქალთა კოლონია
რუსთავის ქალთა კოლონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამყარო, რომელზეც არავინ ოცნებობს... მავთულხლართი, რომლის ბასრი ეკლები სულს გიკაწრავს... გისოსი, რომელიც თავისუფლებას კონკრეტულ ფორმას აძლევს... ალაყაფის კარი, რომლის მკაცრი და ცივი ხმა გაგრძნობინებს, რომ აქ ერთი ცხოვრება დასრულდა... და ზღურბლი, რომლის გადაბიჯებისთანავე ხვდები, რომ ყველაზე მთავარი დაკარგე... ეს ქალთა მეხუთე კოლონიაა...

ანა ქათამაძე

კოლონიაში შესვლამდე შესაბამისი პროცედურები გავიარე — ყველაფერი, რაც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია (მობილური, სამკაულები, საათი, ჩანთა), გარეთ დავტოვე, უფრო სწორად, დამატოვებინეს… აქ სურვილს წესები განსაზღვრავს, აქ ოცნებას ნაცრისფერი ყოველდღიურობა ცვლის…

© Denis Aslanovრუსთავის ქალთა მეხუთე კოლონიის დირექტორი ნესტან ვერულაშვილი
რუსთავის ქალთა მეხუთე კოლონიის დირექტორი ნესტან ვერულაშვილი - Sputnik საქართველო
რუსთავის ქალთა მეხუთე კოლონიის დირექტორი ნესტან ვერულაშვილი

„ღირსება და კანონი“

ეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სლოგანია. ირგვლივ სისუფთავეა არა კონკრეტულად ერთი დღისთვის და არა შენ დასახვედრად… ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

პირველად კოლონიის დირექტორს, ქალბატონ ნესტან ვერულაშვილს შევხვდით.

— თავდაპირველად ქალთა დაწესებულება მატროსოვზე იყო განთავსებული, მაგრამ „ქალთა ბუნტის“ მოვლენების შემდეგ, 2010 წელს მსჯავრდებულები აღნიშნულ დაწესებულებაში განთავსდნენ. დაწესებულება გახლავთ ნახევრადღია და დახურული ტიპის. დღეს 274 პატიმარი გვყავს, ასაკი – 25-დან 65-წლამდე. დანაშაულის კლასიფიკაცია — ნარკოტიკი, თაღლითობა, ქურდობა, მკვლელობა… თუმცა ამ დანაშაულებიდან ყველაზე მეტი პროცენტული მაჩვენებელი ნარკოდანაშაულზე მოდის.

2013 წელს, როდესაც ამ დაწესებულების დირექტორად დავინიშნე, აქ სამი უვადო პატიმარი დამხვდა, რომლებიც სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდიდნენ. თუმცა, საბედნიეროდ, შარშან, როდესაც პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა, ეს სამი პატიმარი ვადიანში გადავიდა. ორ მათგანს 18-18 წელი, ერთს კი 13 წელი დაუდგინდა. აქ იყვნენ მსჯავრდებულები რომელთაც 30, 50, 60 წელი ჰქონდათ მისჯილი. და ეს აბსურდი წინა ხელისუფლების დროს გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობისა და სასჯელის შეკრებითობის პრინციპის შედეგი იყო. უფრო მეტიც, იყო პატიმარი, რომელიც თაღლითობის მუხლით იჯდა, შეკრებითობის პრინციპით სხვადასხვა ეპიზოდები დაემატა და 154 წელი ჰქონდა მისჯილი. საბედნიეროდ, მან დაწესებულება ნოემბერში დატოვა. ამნისტიამ ამ ადამიანებს შვება მოჰგვარა, თითქოს მეორედ დაიბადნენ. დღევანდელი სასამართლოს მიდგომა ძალზე ლოიალური და ლმობიერია. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გადმოტანა და საზღვრის კვეთა — ასეთი დანაშაულისთვის ადამიანებს 30 წელი ჰქონდათ მისჯილი. დღეს კი ამ დანაშაულისთვის სახდელი შესაძლებელია 3-4 წელი იყოს.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ ადამიანებმა პატიმრობის ვადა ღირსების შეგრძნებისა და კანონის დაცვით გაატარონ. აქ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ბიზნესი“ დამხვდა, რომელიც სხვადასხვა პროექტებს ახორციელებდა. მსჯავრდებულები სწავლობენ თექაზე მუშაობას, ქარგვას, კერვას, ეუფლებიან სტილისტის პროფესიას. ფუნქციონირებს უცხო ენის, კომპიუტერის კურსები. უცხოენოვანი პატიმრებისთვის ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფია გახსნილი. კურსების გავლის შემდეგ მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. ჩვენ 22-მდე ქალბატონი სამეურნეო სფეროში გვყავს დასაქმებული, რომლებიც 160 ლარამდე ხელფასს იღებენ. გვაქვს სამკერვალო, სალონი, ფიტნეს-კლუბი, ბიბლიოთეკა, სადაც 8000-მდე წიგნია, ვაწყობთ კინოჩვენებას… საკნებში ყველას აქვს ტელევიზორი. ხანმოკლე პაემნები თვეში 3-ჯერ არის შესაძლებელი. დეკემბრიდან გრძელვადიანი პაემნები შემოვიღეთ, რომლით სარგებლობაც წელიწადში 2-3-ჯერაა შესაძლებელი.

რუსთაველის თეატრის სცენაზე ჩვენმა შვიდმა პატიმარმა სპექტაკლი „ჩემი მძევალი ანგელოზი“ ითამაშა. სპექტაკლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სასაჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი, 90 პატიმარი ქალი და 90 მამაკაცი პატიმარი, პრობაციონერები და პატიმრების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ამისთვის დიდი მადლობა პრობაციის სამინისტროს და მინისტრ კახი კახიშვილს. ეს დღე ემოციურად იმდენად დატვირთული იყო თითოეული ჩვენგანისთვის, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. სპექტაკლის დასრულების შემდეგ დარბაზში ყველა ტიროდა…

ბავშვობა, რომელსაც გისოსები თრგუნავს…

ქალთა კოლონიის ტერიტორიაზე ცალკეა დედათა და ბავშვთა ნაწილი, სადაც 4 პატარა იზრდება — 2 წლის ელენე, 5 თვის ეკატერინე, 6 თვის ალექსანდრე და თვენახევრის ანდრია. მათი მშობლები სასჯელს იხდიან სხვადასხვა დანაშაულისთვის — ყაჩაღობა, ქურდობა, ნარკოტიკი.

© Denis Aslanovპატარა ელენიკო დედასთან ერთად
პატარა ელენიკო დედასთან ერთად - Sputnik საქართველო
პატარა ელენიკო დედასთან ერთად

ლია (ელენეს დედა) – 2013 წლის 21 ივლისს დამაპატიმრეს, ყაჩაღობის მუხლით ვზივარ. 8 წელი მაქვს მოსჯილი. ელენე აქ გამიჩნდა, ერთი თვის ორსულად ვიყავი, როდესაც დამაპატიმრეს. ელენეს აქ ვზრდი, ჩემებს სახლში არ გავატანე, ერთი წელი დამრჩა მასთან ერთად ყოფნისა, ბავშვებს აქ სამ წლამდე გვიტოვებენ. რომ წაიყვანენ, მერე როდის შევხვდები, არ ვიცი.

ეზოში სათამაშო მოედანია, რომელსაც ელენე ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში არც მიკარებია. დიდი, სევდიანი თვალები ირგვლივ მხოლოდ გისოსებს, მავთულხლართებს, სიცარიელეს და სიჩუმეს ხედავს. ის ორი წლისაა და ფაქტობრივად სამყაროს ჯერ არც კი იცნობს. ყველაზე მეტად ჩაკეტილი სივრცისა ეშინია. არ იცის, როგორია თანატოლებთან ერთად თამაში, არ იცის, როგორი ლამაზი და მრავალფეროვანია ცხოვრება, არ იცის, როგორია მისი დანახვით გამოწვეული აღფრთოვანება და სიხარული… ის დღეს დედის სამყაროს კუთვნილებაა, რომელშიც დაუპატიჟებელი სტუმარივითაა და რომელსაც ბედისწერამ ნათელი ბავშვობის ნაცვლად პირველ საჩუქრად უსურვილო, ზღვარდადებული და ჩარჩოში მოქცეული ყოველდღიურობა უბოძა.

© Denis Aslanovბავშვობა, რომელსაც გისოსები თრგუნავს...
ბავშვობა, რომელსაც გისოსები თრგუნავს... - Sputnik საქართველო
ბავშვობა, რომელსაც გისოსები თრგუნავს...

მათზე ზრუნავენ…

როგორც ნესტან ვერულაშვილმა გვიამბო, ქალთა კოლონია A,B,C,D კორპუსებისგან შედგება. ფუნქციონირებს სამედიცინო ნაწილი, სადაც ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას 15 პატიმარი გადის. აქ არის სტომატოლოგიური, ინტენსიური, თერაპიული, გინეკოლოგიური, სტოპ-ცეს, შიდსის კაბინეტები. C ჰეპატიტის პროგრამაში ერთი პატიმარია ჩართული, შიდსის ვირუსი კი ორ პატიმარს აქვს. როგორც სამედიცინო ნაწილის ექიმმა გვიამბო, მსჯავრდებულებს, ძირითადად, არტერიული ჰიპერტენზია, ნევროზული აშლილობები, კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებთ. სამედიცინო ნაწილი, რენტგენის აპარატის გარდა, ულტრაბგერითი აპარატითაა აღჭურვილი, რომელიც ევროსაბჭოს ეგიდით გადაეცა კოლონიას და რომლითაც გინეკოლოგიური, ფარისებრი ჯირკვლის კვლევები, მუცლის ღრუს დათვალიერება და კარდიოექოსკოპიაა შესაძლებელი.

ქალთა დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვების მენიუ მრავალფეროვანია და თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაა გათვალისწინებული. აქ ყოველდღიური მენიუ ხუთი სახეობისაა — ტუბერკულიოზის, დიაბეტის, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის პრობლემების გათვალისწინებით და ძირითადი. როგორც სასადილოს წარმომადგენელმა აღნიშნა, საჭმლის სინჯები ყოველდღიურად ლაბორატორიულად მოწმდება. ყველაზე მეტად ხორცის პროდუქტებზე აქვთ მოთხოვნილება.

© Denis Aslanovსაჭმლის სინჯები ყოველდღიურად ლაბორატორიულად მოწმდება
საჭმლის სინჯები ყოველდღიურად ლაბორატორიულად მოწმდება - Sputnik საქართველო
საჭმლის სინჯები ყოველდღიურად ლაბორატორიულად მოწმდება

უფალო, მაპატიე!..

აქ ყველაზე მეტად გჭირდება უფალი, აქ ყველაზე ხშირად ლოცულობ, სანთელს ანთებ, სინანულის გრძნობა გეუფლება. ყველა პატიმრისთვის სულის საშველი უფალთან მიახლოებაა.
დაწესებულების ოთხივე კორპუსში სამლოცველო კუთხეა, აქ მუსლიმთა უფლებებიცაა დაცული. კოლონიაში 12 აზერბაიჯანელი იხდის სასჯელს მკვლელობის (2 ქმრის და ერთი შემთხვევა — 4 წლის შვილის) ნარკოტიკის, ტრეფიკინგის ბრალდებით.

© Denis Aslanovდაწესებულების ოთხივე კორპუსში სამლოცველო კუთხეა, აქ მუსლიმთა უფლებებიცაა დაცული.
დაწესებულების ოთხივე კორპუსში სამლოცველო კუთხეა, აქ მუსლიმთა უფლებებიცაა დაცული. - Sputnik საქართველო
დაწესებულების ოთხივე კორპუსში სამლოცველო კუთხეა, აქ მუსლიმთა უფლებებიცაა დაცული.

„30 მარტს წმინდა ზეინაბის დაბადების დღე იყო, ჩვენმა შეიხმა 25 ლარი გამოგვიგზავნა და დღეს აღვნიშნავთ. ადრე აქ ლოცვის საშუალება არ გვქონდა, დღეს კი ძალიან გვიხარია“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა.

ძალიან ბევრი პატიმარი თექაზე მუშაობს. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, მათი ნამუშევრების გამოფენა უკვე მოეწყო სამების ტაძარში, ევროპის სახლში, რუსთაველის თეატრში.

„სანამ აქ მოვიდოდი, კერვაც კი არ ვიცოდი. მე-8 წელია აქ ვარ და ამ ხელობას დავეუფლე. ჩვენი ნაქარგი ხატები ორი სამების ტაძარშია დაბრძანებული, ორიც კიდევ საპატრიარქოში. პერსონალური გამოფენის გამართვას ვაპირებთ“,  — გვითხრა ქალბატონმა, რომელიც მედავითნეა.

© Denis Aslanovქალთა კოლონიაში მსჯავრდებულები სწავლობენ თექაზე მუშაობას, ქარგვას, კერვას, ეუფლებიან სტილისტის პროფესიას.
ქალთა კოლონიაში მსჯავრდებულები სწავლობენ თექაზე მუშაობას, ქარგვას, კერვას, ეუფლებიან სტილისტის პროფესიას.  - Sputnik საქართველო
ქალთა კოლონიაში მსჯავრდებულები სწავლობენ თექაზე მუშაობას, ქარგვას, კერვას, ეუფლებიან სტილისტის პროფესიას.

დრო

აქ დროს არავინ ახსენებს, აქ წუთებს არავინ ითვლის, აქ კალენდარზე დღეებს არავინ ხაზავს. აქ დროზე ფიქრს ყველა გაურბის.

ნანა არაბიძე 2006 წლის ოქტომბერში ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის მუხლით დააპატიმრეს. 16 წელი ჰქონდა მისჯილი, 2009 წლის „ქალთა ბუნტის“ საქმეზე 13 წელი დაემატა. 2013 წლის ამნისტიის შედეგად სახდელი სასჯელი 4,5 წელი დარჩა. შარშან პრეზიდენტის შეწყალებით სასჯელი გაუნახევრდა და 10 თვე დარჩა.

ნანა არაბიძე: როცა 29-წლიანი სასჯელით დაიძინებ და 4,5-იანი ვადით გაიღვიძებ, ეს ბედნიერებაა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვიშველეს. 21 წლის ვიყავი, როცა დამაპატიმრეს. დანაშაულს ვაღიარებ, არასდროს ჩამითვლია, რომ ეს დაუმსახურებელი ბრალდება იყო.

© Denis Aslanovნანა არაბიძე: "აქ ჩემი ცხოვრების 10 წელი დავტოვე და ამაზე მეტი და ძვირფასი მე არაფერი მაქვს"
ნანა არაბიძე: აქ ჩემი ცხოვრების 10 წელი დავტოვე და ამაზე მეტი და ძვირფასი მე არაფერი მაქვს - Sputnik საქართველო
ნანა არაბიძე: "აქ ჩემი ცხოვრების 10 წელი დავტოვე და ამაზე მეტი და ძვირფასი მე არაფერი მაქვს"

– რა შეიცვალა შენში?

— აქ ფიქრს სწავლობ, თავიდან ოცნებობ, მერე კი ეჩვევი. ეს გისოსები ჩემი ცხოვრებაა და მე, მიუხედავად ყველაფრისა, მიყვარს იგი.

– რა გენატრება?

— ზესტაფონიდან ვარ, სოფელში, სახლთან ახლოს გვირილების ბაღი გვქონდა და ჩემ დასთან ერთად ბაღში წამოწოლა და ცის ყურება გვიყვარდა, ის ცა მენატრება.

– როცა გახვალ, რას დატოვებ აქ?

— აქ ჩემი ცხოვრების 10 წელი დავტოვე და ამაზე მეტი და ძვირფასი მე არაფერი მაქვს. დამენანებიან ადამიანები, ვისაც აქ დავტოვებ. ვიცი, გარეთ როცა გავალ, საზოგადოებისგან რაღაც დონეზე მიუღებლობას ვიგრძნობ. მესმის, როცა განაჩენით გქვია „გარეწარი“, რთულია საზოგადოებამ მიგიღოს. მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ, უბრალოდ, ცოტა უიღბლო… ცხოვრებაში, ალბათ, მომავალშიც ბევრ შეცდომას დავუშვებ, მაგრამ ამ დანაშაულთან საერთო მას არაფერი ექნება.

– დრო როგორ გაგყავს?

— ვქარგავ, ვკითხულობ, მუსიკას ვუსმენ. იცით, დროის ფასი ყველაზე მეტად აქ ვიცით. აქ დრო არსად მიდის, უბრალოდ ჩვენ მივდივართ სადღაც… უკვე რამდენი ხანია დროის გაყვანა აღარ მომწონს, უფრო გამოყენება მირჩევნია.

– ვის წინაშე თვლი თავს ყველაზე მეტად დამნაშავედ?

— 14 წლის შვილი მყავს, ბიჭი. ჩვენ დედაშვილური ურთიერთობა არ გვაქვს, უფრო ვმეგობრობთ. ჩემს შვილს დედა წავართვი… მე მის არც ერთ მშობელთა კრებაზე ნამყოფი არ ვარ, შეიძლება ითქვას, არ ვიცნობ, არ ვიცი ჭამის როგორი მანერა აქვს, როგორ სძინავს, რა უყვარს, რა ჩვევები აქვს. ყველაზე მეტად ეს მთრგუნავს…


ამ სივრცეში, სადაც იძულება ბატონობს, ყოველ ნაბიჯზე გრძნობ მკაცრ რეალობას და საშუალება გეძლევა, რომ გაარჩიო ცუდი კარგისგან. აქ შენ ნაცვლად სხვა გისაზღვრავს დღის განრიგს, სხვა გიწესებს არჩევანს… პირველივე დღეს ხვდები ყველაფერს და გენანება ნებსით თუ უნებლიედ საკუთარი ხელებით დანგრეული შენი ცხოვრება…

და, მაინც, მიუხედავად ამ რეალობისა, აქ ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ გისოსებსმიღმა თავი ადამიანებად იგრძნონ. აქ ყველა ისტორია თითქოს ერთმანეთს ჰგავს და მაინც განსხვავდება. აქ ერთმანეთზე ზრუნავენ და, ალბათ, ექიშპებიან კიდეც… რატომ? იმიტომ, რომ ეს ციხეა და ციხეს თავისი კანონები აქვს.

მათი ოცნება?— ყველა მსჯავრდებული შეწყალებაზე ოცნებობს. აქ 274 ამბავი ვითარდება ყოველდღიურად და თითოეულ მათგანში მთავარი თავისუფლებაზე ფიქრია. დრო კი… დრო ყველაზე ულმობელია.
 




— 

ყველა ახალი ამბავი
0