ბესიკ ფიფია
საბჭოთა კავშირის ცეკას მორიგი მდივანი კონსტანტინ ჩერნენკო თბილისში საქართველოს სსრ-სთვის მორიგი ორდენის გადასაცემად ჩამოვიდა.
მის დასახვედრად დიდი პროგრამა მომზადდა. მაღალი სტუმარი თავდაპირველად „მზიურის“ პარკში წაიყვანეს. ამხანაგმა ჩერნენკომ ჩასვლით კი ჩაიარა კიბის რამდენიმე ათეული საფეხური, მაგრამ უკან ამოსვლა გაუჭირდა; იმდენად გაუჭირდა, რომ მისი ცქერა საცოდაობა იყოო, იხსენებდა ედუარდ შევარდნაძე.
მანქანაში რომ ჩასხდნენ, ჩერნენკოს შევარდნაძისთვის უთხოვია, მოსანახულებელი ადგილების რაოდენობა შეამცირეო. საქართველოს ცეკას მდივანსაც პროგრამიდან ყველაფერი ამოუღია, გარდა ვახშმისა.
საზეიმო სუფრა მთაწმინდაზე, რესტორანში გაიშალა. შევარდნაძემ ხელში ღვინის სასმისი აიღო, „ძვირფას“ კონსტანტინ უსტინოვიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი გამოვლენილი ყურადღებისა და სიყვარულისთვის და ჯანმრთელობა უსურვა. მერე განაცხადა, ქართულ სუფრას აუცილებლად სჭირდება თამადაო და ქალაქკომის თავმჯდომარეს, თენგიზ მენთეშაშვილს დააკისრა ეს მისია.
საღამომ მშვენივრად ჩაიარა, ჩერნენკო მოხიბლული იყო თამადის მჭევრმეტყველებით, რომელიც სადღეგრძელოებს დიდი ქართველი და რუსი პოეტების ლექსებით ამკობდა.
ედუარდ შევარდნაძე იხსენებდა: „როცა საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი მიხეილ გიორგაძე მოულოდნელად გარდაიცვალა, ჩერნენკომ დამირეკა და მკითხა, რა ერქვა იმ შესანიშნავ თამადას და რას წარმოადგენსო? ვუთხარი, ეგ თენგიზ მენთეშაშვილია და მაშინაც თბილისის ქალაქკომის პირველი მდივანი იყო და ახლაც-მეთქი. მოდი, გიორგაძის ადგილზე დავნიშნოთო.
შევეკითხე:
— კი, მაგრამ, როგორ გამოჩნდება პარტიის თვალში, ერთ ქართველს მეორე რომ ჩაანაცვლებს?
— დრო არ ითმენს, მაგ ადგილს ბევრი სხვაც უმიზნებს და ეგ ამბავი დროზე უნდა მოგვარდეს, — მივიღე პასუხი.
ავდექი და მენთეშაშვილი გამოვიძახე. ვუთხარი, თენგიზ, შენთვისაც უკეთესი იქნება და ქვეყნისთვისაც, თუ დათანხმდები და მოსკოვში გიორგაძის ადგილს დაიკავებ-მეთქი. დამთანხმდა“.
აი ასე, ენაწყლიანი თამადობის წყალობით, თენგიზ მენთეშაშვილი 1982 წელს მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ და საბჭოთა კავშირის დაშლამდე ეკავა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნის თანამდებობა.