თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, კრისტა მარკვალდერს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა შვეიცარიის იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც მას მედიატორის სახით, საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში აკისრია.
„ჩვენ გვაქვს პატივი, ჩვენის მხრივ, ხელი შევუწყოთ სტაბილურობას რეგიონში, რომელიც შვეიცარიისთვის არ გახლავთ უშუალოდ, მეზობელი ქვეყანა, მაგრამ ეს არის ჩვენს, ევროპის ინტერესებშიც, რომ არ იყოს აგრესია. ქვეყნებმა, რომლებიც არა ვართ დიდი და ისეთი ძლიერი, როგორიც ჩვენი მეზობლები არიან, მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს და ხელი შევუწყოთ კეთილდღეობის და სტაბილურობის მიღწევას რეგიონში“, — განაცხადა კრისტა მარკვალდერმა შეხვედრის შემდეგ დავით უსუფაშვილთან ერთობლივად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და შვეიცარიას შორის უკვე დიდი ხანია მჭიდრო მეგობრული ურთიერთობებია.
„შვეიცარია არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა ყველა იმ სტრატეგიულ საკითხში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია…მე და ჩემმა კოლეგებმა, პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებმა, მადლობა მოვახსენეთ ჩვენს შვეიცარიელ კოლეგებს იმ როლისთვის, რასაც ისინი ასრულებენ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების საკითხებში, როდესაც ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. მოგეხსენებათ, შვეიცარიის საელჩოები მოსკოვსა და თბილისში კისრულობენ გარკვეულ აუცილებელ ფუნქციებს, რაც საჭიროა თანამედროვე მსოფლიოში”, — განახადა დავით უსუფაშვილმა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე შეხვდება: საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს; საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს. კრისტა მარკვალდერი ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვედრას გამართავს აგერეთვე, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან და დედაქალაქის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებს.