თბილისი, 4 სექტემბერი— Sputnik. საქართველოში ბელორუსული კაპიტალის მონაწილეობით შესაძლოა სასტუმროები აშენდეს, ამბობს Sputnik-თან ინრევიუში ბელორუსიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხეილ მიატლიკოვი.
„ბელორუსებს მოსწონთ საქართველოში ყოფნა. ჩვენები არა მარტო აჭარაში ზღვაზე ჩამოდიან, არამედ მთაში თხილამურებზე სასრიალოდ, აინტერესებთ გასტრონომიული, რელიგიური ტურიზმი. ვფიქრობ, უახლოეს დროს განვიხილავთ ბელორუსიული კაპიტალისა და ბიზნესის მონაწილეობით სასტუმროების მშენებლობის პროექტების რეალიზაციას. ახლა ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“,- აღნიშნა მიატლიკოვმა.
ელჩმა აღნიშნა, რომ ბელორუსი ტურისტების რაოდენობა, რომლებსაც საქართველოს სტუმრობა სურთ, ყოველწლიურად იზრდება. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართული სამზარეულო უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს ბელორუსებში, რომლებსაც „უყვართ საქართველო“.
„მხოლოდ ამ წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მგზავრების ნაკადი ავიაკომპანიაში 80%-ით გაიზარდა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ტურისტების რაოდენობა, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლა უნდათ, 80%-ით გაიზარდა“,-განაცხადა მიატლიკოვმა.
მისი სიტყვებით, საქართველოში ბელორუსიის სრულმასშტაბიანი ეროვნული გამოფენის ჩატარება, სადაც ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორებია წარმოდგენილი, ბელორუსიულ ბიზნესს ქართულ ბაზარზე გამაგრებაში დაეხმარება.
„ვფიქრობ, წლის ბოლოს კიდევ ახალ შედეგებს დავინახავთ“,-თქვა ელჩმა.
მიხეილ მიატლიკოვი ბელორუსიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში ამ წლის ივლისში დაინიშნა. დამიშვნამდე მიატლიკოვი ბელორუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ხელმძღვანელობდა.
საქართველოს დედაქალაქში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა. ბელორუსიის დიპმისიის ხელმძღვანელმა მიხეილ მიატლიკოვმა 25 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
„ახლა საელჩოსთვის შენობას ვეძებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეგობრების დახმარებით შესაფერის შენობას ვიპოვით“,-აღნიშნა მიხეილ მიატლიკოვმა.
ბელორუსიაში საქართველოს საელჩო 2007 წელს გაიხსნა, ის მინსკის ცენტრში მდებარეობს. 2015 წლის აპრილში საქართველოში ვიზიტისას ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საქართველოში ბელორუსიის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის საკითხი წლის განმავლობაში გადაწყდება. საქართველომ და ბელორუსიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს.