თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველო-ბელარუსის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის შეხვედრაზე, რომელიც 31 აგვისტოს სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა. ბელარუსის დელეგაციას ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მესამე სხდომაზე განსახილველ საკითხებზე. კომისიას საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო ბელარუსის მხრიდან – ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი. სხდომის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, ხოლო სხდომის დასასრულს დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება.
შეხვედრაზე აღინიშნა პროგრესი, რომელიც საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ არსებობს. მათ შორის დასახელდა ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოში ტრაქტორებს აწყობს. აღნიშნული ტექნიკა წარმოდგენილი იქნება 1 სექტემბერს ბელარუსის ეროვნულ გამოფენაზე, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. აღინიშნა, რომ მინერალური წყლის, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გარდა ბელარუსის ბაზარზე საქართველოში წარმოებულ სხვა პროდუქციასაც აქვს დიდი პოტენციალი.
საქართველოში ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, 1 სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენა გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ბელარუსული საწარმოები. მის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბელარუსში ნაწარმოები პროდუქცია და კულტურული პროგრამა. ღონისძიებაში მონაწილეობას ბელარუსის რესპუბლიკის დაახლოებით 150 კომპანია, მათ შორის, მოწინავე საწარმოები მიიღებენ.