თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. თბილისში ბელარუსის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნა, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გუშინ ბელარუსის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა მიხაილ მიატლიკოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელარუს დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა დაწვრილებით განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომას, რომელიც 2016 წლის სექტემბრის დასაწყისშია დაგეგმილი.
პოლიტიკოსებმა გაცვალეს ურთიერთმოსაზრებები საქართველოსა და ბელარუსის პოლიტიკური პარტნიორობის შესახებ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე.
სამთავრობოთაშორისი კომისია ეკონომიკურ საკითხებზე საქართველოსა და ბელარუსს შორის 2010 წლის ივლისში შეიქმნა, რომელიც ორი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებისკენ არის მიმართული.
საქართველოს საელჩო ბელარუსში 2007 წელს, მინსკის ცენტრში გაიხსნა. 2015 წლის აპრილში, როდესაც ბელარუსის პრეზიდენტი ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა, მან განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ბელორუსიის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნებოდა.
საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს.