თბილისი, 2 სექტემბერი— Sputnik. რთველის ფარგლებში კახეთის რეგიონში 5,1 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა. მოსახლეობის შემოსავლებმა მოცემული მომენტისათვის დაახლოებით 4 მილიონი ლარი შეადგინა.
ტრადიციულად რთველი დედოფლისწყაროს რაიონში აგვისტოს ბოლოს დაიწყო, სადაც ყურძენი ყველაზე ადრე მწიფდება. დღესდღეისობით ყურძენი სიღნაღშიც იკრიფება. უფრო აქტიურ ფაზაში რთველი 10 სექტემბრის მერე შევა, როდესაც რთველის პროცესში კახეთის კიდევ რამოდენიმე რაიონი ჩაირთვება.
რთველი — 2016 მომზადებისა და ორგანიზებული ჩატარებისათვის თელავში 23 აგვისტოს საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რომელსაც სათავეში ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი გიორგი სამანიშვილი ჩაუდგა.
ხელისუფლება მზად არის ორგანიზებულად და შეფერხების გარეშე ჩაატაროს რთველი და მის პროცესში განსაკუთრებულ გართულებებს არ ელოდება, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ შტაბის გახსნის ცერემონიაზე.
მისი თქმით, მიმდინარე წელს ყურძენს 100-ზე მეტი ღვინის კომპანია ჩაიბარებს, რომლებიც გასული წლის მსგავსად 148-150 ათას ტონას ყურძენს გადაამუშავებენ.
საქართველოს მთავრობა წელს რთველის სუბსიდირების პროგრამაზე 25 მლნ ლარს გამოყოფს. გადაწყვეტილება ყურძნის მოსალოდნელ დაბალ ფასს უკავშირდება. სუბსიდირების პროგრამა მევენახეებს მათი მოსავლის რეალიზებაში დაეხმარება. „რთველი-2016“-ის ფარგლებში სახელმწიფო სუბსიდია 1 კილოგრამ ხარისხიან „რქაწითელსა“ და „კახურ მწვანეზე“ 0,45 ლარი იქნება, „საფერავზე“ – 0,20 ლარი, ხოლო „ალექსანდროულსა“ და „მუჯურეთულზე“ – 2 ლარი.
„რთველი-2015“-ის ფარგლებში, გადამუშავდა 143 ათასი ტონა ყურძენი, მევენახეების შემოსავალმა 102 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა. რთველის დასაწყისიდან, რომელიც ოფიციალურად 20 აგვისტოს დაიწყო, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 130-ზე მეტი ღვინის კომპანია, მათ შორის სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 20 კომპანია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ „რთველი-2015“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, რადგან კოორდინირებული და გუნდური მუშაობის თვალსაჩინო მაგალითი გახდა, რამაც დადებითი შედეგები მოიტანა.
რთველი ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად შემოდგომის დასაწყისში ტარდება. ის არც ერთ კონკრეტულ თარიღთან არ არის მიბმული და დამოკიდებულია მხოლოდ ყურძნის სიმწიფეზე, შაქრიანობასა და მჟავიანობაზე.როგორც წესი, კახეთის რეგიონში რთველი სექტემბრის დასაწყისში იწყება, დასავლეთ საქართველოში კი დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში.