„რთველი-2016“ საქართველოს ხელისუფლებას 25 მლნ ლარი დაუჯდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliრთველი
რთველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელსაც სუბსიდიებს მიიღებენ არა ღვინის მწარმოებელი კომპანიები, არამედ უშუალოდ მევენახეები.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა წელს რთველის სუბსიდირების პროგრამაზე 25 მლნ ლარს გამოყოფს, აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ფეისბუქის“ გვერდზე.

გადაწყვეტილება ყურძნის მოსალოდნელ დაბალ ფასს უკავშირდება. სუბსიდირების პროგრამა მევენახეებს მათი მოსავლის რეალიზებაში დაეხმარება, განაცხადა მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„რთველი-2016“-ის ფარგლებში სახელმწიფო სუბსიდია 1 კილოგრამ ხარისხიან „რქაწითელსა“ და „კახურ მწვანეზე“ 0,45 ლარი იქნება, „საფერავზე“ – 0,20 ლარი, ხოლო „ალექსანდროულსა“ და „მუჯურეთულზე“ – 2 ლარი.

„ღვინის ექსპორტის ზრდის პარალელურად საერთაშორისო ბაზარზე ფიქსირდება ღვინის სარეალიზაციო ფასის შემცირება. აქედან გამომდინარე, მევენახე გლეხების ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ „რთველი-2016“-ის ფარგლებში სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო”, — განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

რთველი - Sputnik საქართველო
სახელმწიფო „რთველი-2016“-ის სუბსიდირებას მოახდენს

„რთველი-2016“-ის ფარგლებში ყურძენს 100-ზე მეტი ღვინის კომპანია ჩაიბარებს. გასული წლის მსგავსად, სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, განაცხადა მინისტრმა.

„ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს”, — აღნიშნა დანელიამ.

დღეს დარგს ხელშეწყობა კვლავ ესაჭიროება, გასათვალისწინებელია როგორც მევენახის, ისე მწარმოებლის ინტერესები, განაცხადა მინისტრმა.

„სახელმწიფოს ხელშეწყობით მევენახე გლეხებს/ფერმერებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ. 2016 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალის რაოდენობა 180 ათას ტონას შეადგენს”, — აღნიშნა ოთარ დანელიამ.

დანელიას განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგმა ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. მას სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება სუბსიდიის სახით აღარ უნდა დასჭირდეს.

ოთარ დანელიას თქმით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად სახელმწიფოს ხელშეწყობით მევენახებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის ხელმისაწვდომია იაფი ფინანსური რესურსი შეღავათიანი აგროკრედიტის სახით, ხორციელდება აგროდაზღვევა, ვენახების უწყებრივი კადასტრის პროგრამა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის ღონისძიებები, რომლის შედეგად გაზრდილია ღვინის ექსპორტი.

„ეს პროცესი გაგრძელდება“, — აღნიშნა დანელიამ.

გასულ წელს სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამა მინიმუმ 30 მლნ ლარი დაუჯდა.

ყველა ახალი ამბავი
0