თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. რუმინეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა ხელი მოაწერა განცხადებას საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მხარდაჭერის შესახებ, განაცხადეს საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურში.
რუმინეთის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ ანა ბირჩალმა გუშინ თბილისში ეს განცხადება პირადად გააცნო საქართველოს პარლამენტის „რესპუბლიკელ“ დეპუტატს ლევან ბერძენიშვილს.
საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დამკვიდრება შეუქცევადს გახდის საქართველოს ევროინტეგრაციულ კურსს, ხელს შეუწყობს ხალხთა თავისუფალ გადაადგილებას და საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის მთავარ სარგებელს გამოკვეთს, აღნიშნულია რუმინეთის პარლამენტის კომიტეტის განცხადებაში.
უფრო ადრე რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტმა რიკარდ იოზვაკმა, რომელიც ბრიუსელში მუშაობს, განაცხადა, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების კომიტეტი საქართველოსა და კოსოვოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს 5 სექტემბერს განიხილავს.
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. ივლისის დასაწყისში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან ვიზელიბერალიზაციის პროექტი მოიწონა.
თუ ევროპარლამენტის დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის ვადით შეძლებენ.