თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის საქართველომ ევროკავშირის წინაშე ყველა ვალდებულება შეასრულა, ახლა ევროკავშირის ჯერი დადგა – შეასრულოს შეთანხმების საკუთარი ნაწილი, განაცხადა „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ მაკალისტერმა, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში.
საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე ზაფხულში დააწესებდა, თუმცა, ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო.
„როგორც გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წარმომადგენელი, მხარს ვუჭერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკას. თქვენმა ქვეყანამ შეასრულა საჭირო საშინაო დავალება, ყველა მოთხოვნა და დაიცვა პირობები. ახლა ჩვენი ჯერია ევროკავშირის მხრიდან შევასრულოთ დანაპირები და მივცეთ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია“, — განაცხადა მაკალისტერმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მან აღნიშნა, რომ 2016 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული.
„ევროკავშირში მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება“, — დასძინა მაკალისტერმა.
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. ივლისის დასაწყისში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან ვიზელიბერალიზაციის პროექტი მოიწონა.
თუ ევროპარლამენტის დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის ვადით შეძლებენ.
„ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე–პრეზიდენტი დევიდ მაკალისტერი და პარტიის საერთაშორისო მდივანი პატრიკ ვოლკერი საქართველოში 26 აგვისტოს ჩამოვიდნენ. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, აგრეთვე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს. უნდა აღინიშნოს, რომ „ნაცმოძრაობა“ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია 2008 წლიდან.