თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ევროპარლამენტის კომიტეტის წევრმა, „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა კნუტ ფლეკენშტაინმა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესების პროცესის პოზიტიურად დასრულების იმედი გამოთქვა.
ფლეკენშტაინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მთავარი მიზანი ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს გაცნობა და შეფასებაა. ის იმყოფებოდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდა საქართველოს ვიცე-პრემიერთან და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან კახა კალაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„არ არსებობს საფუძველი, თავი შეიკავონ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისგან… „კონსერვატორებმაც“ ევროპარლამენტში ცალსახად და მკაფიოდ თქვეს, რომ მომწიფდა სიტუაცია ვიზალიბერალიზაციისთვის, დადგა დრო ამის განსახორციელებლად. ძალიან შთამბეჭდავი იყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა სტრასბურგში სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებთან ერთად და ყველა პარტიამ, განურჩევლად მათი ორიენტაციისა, ცალსახად მხარი დაუჭირა სწრაფ ვიზალიბერალიზაციას და არანაირი განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა”, — აღნიშნა კნუტ ფლეკენშტაინმა.
ევროპარლამენტის დეპუტატმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა მმართველ პარტიას წინასაარჩევნო კამპანიაში. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას ზაფხულში ელოდნენ, თუმცა ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო. გადაწყვეტილების მიღებას წინააღმდეგობა მაშინ საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ გაუწიეს.
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა.
ივლისის დასაწყისში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზელიბერალიზაციის პროექტი მოიწონა.
თუ ევროპარლამენტის დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის ვადით შეძლებენ.