თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ქართულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობის პერსპექტივების გაღრმავების საკითხები განიხილეს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
შეხვედრა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში "ზაგულბას" სასახლეში გაიმართა.
"ჩვენი ურთიერთობები დამყარებულია ისტორიაზე, ძმობაზე, კეთილმეზობლობაზე. დღეს ჩვენ ყველა მიმართულებით ვაწარმოებთ აქტიურ დიალოგს — პოლიტიკურ, ეკონომიკურ სფეროში. ეს პროექტები წარმატებით ხორციელდება, სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნებისთვის და ხალხებისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი გააღრმავებს ჩვენს კავშირებს“, — განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანსა და საქართველოს აერთიანებს ისტორია, გეოგრაფია, ინტერესების თანხვედრა, ხოლო ამ ქვეყნების კეთილდღეობა და სტაბილურობა სატრანსპორტო პროექტების რეალიზაციაზეა დამოკიდებული, დასძინა ილჰამ ალიევმა.
კვირიკაშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
"ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებას, რომლებიც ჭეშმარიტად სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ გვაკავშირებს მეგობრობა, რეგიონული, გლობალური პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეხვედრის შემდეგ ქართული დელეგაციის საპატივსაცემოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა, რითიც დასრულდა გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში.
ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან არტურ რასიზადესთან. გარდა ამისა, მან ყვავილებით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავი და „მარადიული ცეცხლის“ მემორიალი.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში იყვნენ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიმპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.