თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბაქოში თავის აზერბაიჯანელ კოლეგა არტურ რასიზადესთან შეხვედრისას ერთობლივი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები განიხილა, იუწყება საქართველოს მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური.
შეხვედრა კვირიკაშვილის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საუბრისას მხარეებმა სახელმწიფოების თანამშრომლობაში პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კუთხით პოზიტიური დინამიკა აღნიშნეს.
„შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პროექტის როლს. ასევე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა გლობალური ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, სამხრეთის გაზის დერეფნის განხორციელების პროცესში“, — აღნიშნულია განცხადებაში.
პროექტი „სამხრეთის გაზის დერეფანი“ კასპიის რეგიონიდან აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდებას ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთის გავლით. პირველ ეტაპზე „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტისთვის ძირითად წყაროდ განიხილება ბუნებრივი აირი, რომელიც „შაჰ–დენიზის“ საბადოდან იქნება მოპოვებული, მოგვიანებით პროექტში, შესაძლოა, სხვა წყაროებიხ ჩაერთვნენ.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის შეთანხმების საფუძველზე შენდება. მისი საერთო სიგრძე 826 კილომეტრია. უფრო ადრე აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ პროექტი ექსპლუატაციისთვის 2016 წლის ბოლომდე იქნება მზად.