მთავარი პროკურატურა: დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე პოლიციელმა მიიყვანა

გამოწერა
სამტრედიელმა ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 12 აგვისტოს დაასრულა. მან წერილი დატოვა, რომელშიც რაიონის პოლიციის წარმომადგენელი ზეწოლაში დაადანაშაულა.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. სამტრედიის რაიონის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სოფელ დაფნარის მცხოვრები დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე მიიყვანა, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: სახელმწიფო ხელს არავის დააფარებს

სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 12 აგვისტოს დაასრულა. მან წერილი დატოვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთ-ერთი პოლიციელი დაპატიმრებით და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ის სამართალდამცავ ორგანოებს არ გაუმხელდა, ვის და სად მოჰყავდა მარიხუანა სამტრედიაში. ამ ფაქტით მთავარი პროკურატურა დაინტერესდა, ხოლო თევზაძე მომხდარიდან ერთი დღის შემდეგ შსს-ს რიგებიდან გათავისუფლდა.

„2016 წლის 7 აგვისტოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით თევზაძემ სტურუა უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილზე, სადაც დემურ სტურუას დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა პოლიციასთან თანამშრომლობას“, — აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პოლიციელის მხრიდან მუქარის შემდეგ სტურუას, რომელსაც იმ დროს ქურდობისთვის პირობითი სასჯელი ჰქონდა, შეეშინდა, რომ თევზაძეს მართლა შეეძლო მისი დადანაშაულება და თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მიიღო.

პროკურატურაში ასევე აღნიშნავენ, რომ ამჟამად თევზაძე გამოძიებას ემალება და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. თუ ის უახლოეს პერიოდში გამოძიების ორგანოებში არ მივა, მასზე ძებნას გამოაცხადებენ.

ამასთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებულ პოლიციელს საქართველოს საზღვრები არ დაუტოვებია. ასევე პროკურატურა 30 აგვისტოს მიმართავს სასამართლოს თევზაძის მიმართ დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
მასმედია: პოლიციელმა ახალგაზრდა მამაკაცი თვითმკვლელობამდე მიიყვანა

თევზაძის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლითა (თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ან/და მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით) და 333-ე მუხლის მესამე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), რაც ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

უნდა აღინიშნოს, რომ პროკურატურის განცხადებას წინ უძღოდა ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ სტურუა ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ნამდვილად იყო.

სტურუას ახლობლები და ნათესავები დამნაშავის დაკავებას მოითხოვენ.

სტურუას თანასოფლელები ამბობენ, რომ მსგავს ფაქტებს სისტემური ხასიათი აქვს და სამტრედიის რაიონის პოლიციის თანამშრომლები ახალგაზრდებზე ზეწოლას ახდენენ თანამშრომლობის მოთხოვნის მიზნით.

მომხდარით დაინტერესდა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც. მისთვის გაუგებარია, როგორ შეძლო ბრალდებულმა გამოძიებას დამალვოდა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე, თუ როგორ მოხდა დამნაშავის მიმალვა, რადგან სამართალდამცველ ორგანოებს ჰქონდათ სრული შესაძლებლობა იმისთვის, რათა თავიდან აეცილებინათ ეჭვმიტანილის მიმალვა“, — განაცხადა ნანუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გამოძიების მსვლელობის თაობაზე ინფორმაცია აქვთ საქართველოს პარლამენტშიც, თუმცა, დეპუტატები საქმის გამოძიების დასრულებამდე განცხადებებისგან თავს იკავებენ.

ყველა ახალი ამბავი
0