თბილისი, 12 აგვისტო— Sputnik. სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარის ახალგაზრდა მკვიდრმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და დატოვა წერილი, სადაც პოლიციელებს ზეწოლის განხორციელებაში ადანაშაულებდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი-2“.
წერილში, რომელიც, სავარაუდოდ, 22 წლის დემურ სტურუას მიერ სიკვდილის წინ არის დაწერილი, ნათქვამია, რომ ერთერთი პოლიციელი დაპატიმრებით და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ის სამართალდამცავ ორგანოებს არ გაუმხელს, ვის და სად მოჰყავს მარიხუანა სამტრედიაში. სტურუა ამ პოლიციელის სახელსა და გვარს ასახელებს. წერილი 7 აგვისტოს არის დაწერილი.
„თუ მას (პოლიციელს) დღესვე არ დააკავებენ, ხვალ, დაკრძალვის დღეს, მიცვალებულს პირდაპირ პოლიციის შენობის კარებთან დავასვენებ“,-აცხადებს გარდაცვლილის დედა დარიკო ჯაში.
გარდაცვლილის ახლობლები ასევე აცხადებენ, რომ გარდაცვალებამდე რამოდენიმე დღით ადრე პოლიციელმა სტურუას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„ის ცემეს, აწამეს და ის იძულებული იყო თავი მოეკლა. შიძლება საერთოდ მოკლულია. მე არ ვიცი და ამის გამოძიებას მოვითხოვ“,-აცხადებს ოჯახის წევრი ნონა ჩოჩუა.
ტელკომპანიის ინფორმაციით, პოლიციელი, რომელზეც არის საუბარი, ჯერ ისევ თავის თანამდებობას იკავებს.
ამ ფაქტით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა. უწყების წარმომადგენლები დღესვე შეხვდებიან ოჯახის წევრებს და გამოძიებას თვალყურს მიადევნებენ.
„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება მთავარმა პროკურატურამ და ყველა პირველი საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩაატაროს პროკურატურამ, რადგან გავრცელებული ინფორმაციით შეიძლება იკვეთებოდეს სამართალდამცავების დანაშაული“, — ნათქვამია აპარატის განცხადებაში.
მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით.