თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამტრედიაში მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტზე განაცხადა, რომ სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ დააფარებს ხელს არავის.
სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარის მკვიდრმა, 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და დატოვა წერილი, სადაც პოლიციელებს ზეწოლის განხორციელებაში ადანაშაულებს. წერილში, რომელიც, სავარაუდოდ, მან სიკვდილის წინ დაწერა, ნათქვამია, რომ ერთერთი პოლიციელი დაპატიმრებით და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ის სამართალდამცავ ორგანოებს არ გაუმხელს, ვის და სად მოჰყავს მარიხუანა სამტრედიაში. სტურუა ამ პოლიციელის სახელსა და გვარს ასახელებს. წერილი 7 აგვისტოს არის დაწერილი.
გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა დემურ სტურუას ოჯახს და განაცხადა, რომ გამოძიების მიმდინარეობას პირადად გააკონტროლებს.
„მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. რა თქმა უნდა, გამოძიება ჩატარდება. არავითარ შემთხვევაში სახელმწიფო ხელს არავის არ დააფარებს. მეც პირადად აუცილებლად გავაკონტროლებ გამოძიების მიმდინარეობას", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, იუწყება პრემიერ–მინისტრის პრეს–სამსახური.
ინსპექტორი-გამომძიებელი გოდერძი თევზაძე, რომელიც დემურ სტურუას სიკვდილისწინა წერილშია მოხსენიებული, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა გამოძიების დასრულებამდე.
მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით.