თბილისი, 30 აგვისტო– Sputnik. რადიაქტიური ნივთიერება ურან-238-ის გასაღების მცდელობის საქმეზე ექვსი დაკავებული პირისგან ერთ-ერთის – სომხეთის მოქალაქე აშოტ გოროიანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობით საქართველოში სომხეთის ელჩმა იური ვარდანიანმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა, იუწყება დაკავებულის ადვოკატი თემურ გოგსაძე.
18 აპრილს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყებოდა სომხეთის მოქალაქეების აშოტ გოროიანის, მირან მოვსისიანის, ჰაიკავ ჰოვაკიანის და საქართველოს მოქალაქეების თამაზ ბიჭიკაშვილის, მუხტარ ცქიტიშვილის და სავლე ლურსმანაშვილის რადიაქტიური ნივთიერება ურან-238-ის უკანონო შეძენასა და გასაღების ბრალდებით დაპატიმრების შესახებ. გამოძიების მონაცემებით, აღნიშნული პირები თბილისში ბირთვული მასალა ურანის გასხვისებას 200 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ.
„ერთადერთი, რაც შემიძლია დავადასტურო, არის ის, რომ აშოტ გოროიანთან დაკავშირებული შუამდგომლობა ნამდვილად არსებობს. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, ბატონი ელჩი დიპლომატია და ალბათ იგივეს გააკეთებს სომხეთის სხვა ნებისმიერი მოქალაქისთვის. ჩვენ დაახლოებით 10 აგვისტოს პროკურატურას შუამდგომლობით მივმართეთ“, – ციტირებს გოგსაძის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.
ელჩმა და ადვოკატმა შუამდგომლობა იმით ახსნეს, რომ გოროიანს აღნიშნულ დანაშაულში იმდენი ბრალი არ მიუძღვის, როგორც სხვა დაკავებულებს, თანაც მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
ამასთან ერთად, საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოროიანის გარდა კიდევ ოთხი ბრალდებული ითხოვს საქართველოს პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.
საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე თემურ გოგსაძემ სასამართლო განხილვის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
წესით, საპროცესო შეთანხმების საკითხი საქართველოს პროკურატურამ ორი კვირის განმავლობაში უნდა გადაწყვიტოს. შემდეგი სასამართლო მოსმენა 1 სექტემბერს არის ჩანიშნული. უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებულთაგან გოროიანი და კიდევ სამი პირი პენსიონერები არიან.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის მუხლით „ბირთვული მასალების, მოწყობილობების, რადიოაქტიური ნარჩენების, რადიოაქტიური ნივთიერებებისადმი უკანონო მოპყრობა და გასაღება“, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომელიც მიმდინარე წელს რადიაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-გასაღებას უკავშირდება. 2016 წლის იანვარში საქართველოს სუს-მა რადიაქტიური ნივთიერება ცეზიუმ-137-ის უკანონო გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავა.