თბილისი, 28 აპრილი —Sputnik. საქართველოს ხუთი მოქალაქე იმ დროსდააკავეს, როდესაც მათ ბირთვული მასალა გასაღების მიზნით ქობულეთში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიიტანეს. დაკავებულები ურანის გაყიდვას 3 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ, განაცხადა ბრიფინგზე სუს–ის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა.
ეს მიმდინარე თვეში მეორე შემთხვევაა, როდესაც ქვეყანაში რადიოაქტიური ნივთიერების, ურანის გაყიდვას ცდილობდნენ. ორი კვირის წინ სუს–მა საქართველოსა და სომხეთის სამი მოქალაქე დააკავა მსგავს ფაქტზე.
„ჩატარებული რადიოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული რადიოაქტიური ნივთიერება ურანი, საერთო წონით 1,665 გრ შეიცავს 2 რადიოაქტიურ იზოტოპს: ურან 238-სა და მცირე ოდენობით 0, 23 პროცენტ ურან 235-ს, რომლებიც მიეკუთვნებიან ბირთვულ მასალათა კატეგორიას“, — განმარტა სუს–ის გამომძიებელმა.
ურანი–235 ბირთვულ რეაქტორებში საწვავად გამოიყენება, ხოლო ურანი–238 — თერმობირთვული იარაღის სიმძლავრის გასაზრდელად.
დაკავებულებს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
შეგახსენებთ: მიმდინარე წლის იანვარში კიდევ სამი ადამიანი დააკავეს რადიოაქტიური ცეზიუმ–137–ის გაყიდვის მცდელობის ბრალდებით.