თბილისში ურანის გაყიდვის მცდელობისას ექვსი პირი დააკავეს

© courtesy of State Security Service of Georgiaურანი -238
ურანი -238 - Sputnik საქართველო
გამოწერა
რადიოაქტიური ნივთიერება ურან-238-ის გაყიდვას საქართველოსა და სომხეთის ექვსი მოქალაქე ცდილობდა, რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა დააკავეს.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. რადიოაქტიური მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა–გასაღების ბრალდებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში სომხეთის სამი და საქართველოს ასევე სამი მოქალაქე დააკავეს, განაცხადა გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

„აღნიშნული პირები თბილისში რადიოაქტიური მასალა ურანი-238-ის გასხვისებას 200 მილიონ ამერიკულ დოლარად აპირებდნენ… დანაშაულში მონაწილე ერთ–ერთი პირის საცხოვრებელ ბინაში ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სატრანსპორტო კონტეინერი ბირთვული მასალა ურანი-238-ით“, — აღნიშნა მოთიაშვილმა „იმედის“ ეთერში.

თბილისი საქალაქო სასამართლომ 16 აპრილს ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „ბირთვულ მასალებთან ან მოწყობილობებთან, რადიოაქტიურ ნარჩენებთან, რადიოაქტიურ ნივთიერებებთან მართლსაწინააღმდეგო მოპყრობის“ მუხლით, რაც 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მიმდინარე წელს ეს რადიოაქტიური ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა–გასაღების პირველი შემთხვევა არ არის. 2016 წლის იანვარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცეზიუმ-137-ის უკანონო გასაღების განზრახვის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა.

ყველა ახალი ამბავი
0