თბილისი, 30 აგვისტო— Sputnik. 1-6 სექტემბერს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ შიდა ქართლის სოფელ ნიქოზში მეექვსეჯერ გაიმართება.
ანიმაციური ფესტივალი ტრადიციურად ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტის, ეპისკოპოს ისაიას(ზურაბ ჭანტურიას) ინიციატივით ტარდება.
ბერად აღკვეცამდე ზურაბ ჭანტურია თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტზე მხატვარ-ანიმატორის სპეციალობაზე სწავლობდა.მუშაობდა ანიმაციური ფილმების სტუდიაში. 1995 წელს ეპისკოპოსად ხელდასმის შემდეგ ნიქოზის საკათედრო ტაძართან მან პატარა ანიმაციური სტუდია დაარსა. იქვე დაიბადა ანიმაციური ფილმების ფესტივალის ჩატარების იდეა.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ რეჟისორ-ანიმატორები და ცნობილი ანიმაციური ფესტივალების გამარჯვებული ფილმები იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ლიტვიიდან, რუსეთიდან და საქართველოდან.
ფესტივალის მონაწილეთა შორის არიან ანიმაციური ფილმების სტუდია “ანიმოსი” (რუსეთი), სტუდია “ფოლიმაჟი” (საფრანგეთი), ასევე ბელგიური “ანიმა ფესტივალის” წარმომადგენლები, ანიმაციური ფილმების რუსეთის ღია ფესტივალი, “ტინდირინდის” ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი (ლიტვა) და მრავალი სხვა.
კინოჩვენებების გარდა ფესტივალზე დაგეგმილია ცნობილი გერმანელი ანიმაციური ფილმების დამდგმელი მხატვრის, გაბორ შტაიზინგერის მასტერ კლასი. გერმანელი ანიმატორი ფესტივალის მონაწილეებს მოუყვება ანიმციური პერსონაჟის შექმნასა და ფილმის წარმოებისთვის მომზადების შესახებ. სემინარი წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სახელოვნებო სკოლაში ჩატარდება.
გარდა ამისა, ფესტივალზე ანიმაციის ენციკლოპედიის სამტომეულის პრეზენტაციაა დაგეგმილი, რომელშიც ქართული მულტიპლიკაციის ისტორია პირველად შევა.
ასევე ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ხელის ჩრდილების თეატრის “ბუდრუგანა გაგრას”, გორის ქალთა კამერული გუნდის, ქართველი პიანისტის თამარ ჟვანიას გამოსვლები და სხვა მუსიკალური საღამოები და პერფომანსები.
„ნიქოზის“ ფესტივალს ნებისმიერი მსურველი შეიძლება დაესწროს. ამისათვის თბილისიდან, ვარდების მოედნიდან უფასო ავტობუსები გავლენ. ტრანსპორტის განრიგის შესახებ იხილეთ აქ.
წელს „ნიქოზის“ ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და „აფხაზეთის კინოცენტრის“ მხარდაჭერით.