თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო ფესტივალი One Caucasus 2016 25-28 აგვისტოს მარნეულის სოფელ წერაქვში გაიმართება.
ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მთავარი მიზანი — მშვიდობიანი და უსაფრთხო სივრცის შექმნაა კავკასიელი ახალგაზრდობისთვის.
ფესტივალი სიმბოლურად ტარდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.
ფესტივალის ძირითად, მუსიკალურ ნაწილში დაგეგმილია ამერიკული ჯგუფი Huntertones-ის, სენეგალელი პაკო სარის, ალჟირელი სკადიქტატორისა და სხვა მუსიკოსების გამოსვლები.
აზერბაიჯანს ფესტივალზე წარმოადგენენ მუსიკალური კოლექტივები „სნაილსი“ და „აჰმედოვის ტრიო“, ხოლო სომხეთს — „ლელოსითი“ და აშოტ პაპაზიანი და 1243k.
ქართველი შემსრულებლებიდან ფესტივალზე ელიან ისეთ კოლექტივებს, როგორებიცაა: „ჩვენებურები“, „დენდის თაობა“, „მარნელი“, Ducktape, Reggeaon, Plum Sauce, Citric Acid, Punk Mouse და სხვა.
მუსიკალური ნაწილის გარდა, ასევე დაგეგმილია კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის. ესაა მასტერ-კლასები არქიტექტურაში, მუსიკალური ტრენინგები და კინოჩვენებები.
ფესტივალზე მოეწყობა კემპინგების ზონა. დასწრების მსურველებს თბილისიდან უფასო ტრანსპორტი მოემსახურება.
ფესტივალის დაწვრილებითი პროგრამა და მონაწილეობის თაობაზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ფესტივალს აფინანსებენ საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტრო, მარნეულის მუნიციპალიტეტი, აშშ-ის მთავრობა, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო, ვარშავის მერია და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.