თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. ქართველი სპორტსმენები, რომლებიც რიო–დე–ჟანეიროს 31–ე ზაფხულის ოლიმპიადაზე ქვეყნის ღირსებას იცავდნენ, პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძვანელობით საქართველოს მთავობის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრა, საქართველოს სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ლისის ტბაზე გაიმართა. ცერემონიას, გარდა სპორტსმენებისა და მთავრობის წარმომადგენლებისა, ესწრებოდნენ ოლიმპიელების ოჯახის წევრები, პარალიმპიელები, სპორტული ფედერაციებიის წარმომადგენლები და გულშემატკივრები.
„მთელი საქართველო ამაყობს თითოეული თქვენგანით; ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და სპორტსმენებს კიდევ ერთხელ მიულოცა.
მთავრობის მეთაურმა თითოეულ სპორტსმენს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ მათ გამოსვლას მთელი საქართველო ერთი ამოსუნთქვით, სულშეკავებული უყურებდა.
„ყველამ დაინახა, რამხელა ენერგია ჩადეთ თქვენ ამ ყველაფერში და მინდა, სულითა და გულით მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი გამარჯვება. მინდა, მივულოცო თქვენს მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს. მინდა, ჩვენი სახელით გითხრათ, რომ ჩვენ ეს უდიდესი ვალდებულების გრძნობით გვავსებს, იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ასეთი წარმატებული, როგორიც წელს არის. თქვენ, ჩემო მეგობრებო, მართლაც ხართ სულიერი და ფიზიკური სიმტკიცის მაგალითი. დარწმუნებული ვარ, თქვენ, მთელ საქართველოსთან ერთად, კიდევ უამრავი წარმატება და გამარჯვება გელით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ და განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილის სატელეფონო ზარი ქართველ ოლიმპიელებთან, ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდეგ, მათთვის დიდი მხარდაჭერა იყო.
საზეიმო საღამოს წინ ოლიმპიური მედალოსნები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა.
რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა: 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
ოქროს მფლობელი არიან ლაშა ტალახაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვერცხლის – ვარლამ ლიპარტელიანი და ბრინჯაოს – ირაკლი თურმანიძე, ლაშა შავდათუაშვილი, შმაგი ბოლქვაძე და გენო პეტრიაშვილი.