რიო-დე-ჟანეირო, 19 აგვისტო — Sputnik, კახა ბერიძე. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი რიო-დე-ჟანეიროს 31-ე ოლიმპიური თამაშების მედალოსნებს შეხვდა.
ქართული ოლიმპიური დელეგაციის ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ძალოსნობაში ოქროს მედალოსანი ლაშა ტალახაძე, ასევე ძალოსანი ბრინჯაოს მედალოსანი ირაკლი თურმანიძე და მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე, რომელმაც რიოში ბრინჯაოს მედალი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოიპოვა.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მათ დიდი წარმატება მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
„პირველ ყოვლისა, მინდა გამოვყო ჩვენი ძალოსნების ტრიუმფალური გამოსვლა. 16 აგვისტო იყო მართლაც გამორჩეული დღე ჩვენი სპორტის ისტორიაში. ლაშამ ყველას დაუმტკიცა, რომ უძლიერესი მამაკაცია პლანეტაზე, თანაც აქ მსოფლიოსა და ოლიმპიური რეკორდებიც დაამყარა. ასევე აღსანიშნავია თურმანიძის საოცრად კარგი გამოსვლა ოლიმპიურ ფიცარნაგზე. მან ბოლომდე იბრძოლა, თავისი ძალა მაქსიმალურად გამოავლინა და ჯილდოდ ბრინჯაოს მედალი მიიღო”, — განაცხადა ხაბელოვმა.
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებზეც ისაუბრა: „ჩვენი მოჭიდავეებიდან ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი აჩვენა შმაგი ბოლქვაძემ. მას ძალიან ძლიერი მეტოქეები ჰყავდა, მაგრამ ასევე ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა და ოლიმპიურ კვარცხლბეკზე დაიკავა ადგილი“.
„ჩვენ უკვე ხუთი მედალი გვაქვს და ეს ყველას გვახარებს, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. წინ არის შეჯიბრებები თავისუფალ ჭიდაობაში, მხატვრულ ტანვარჯიშში, მძლეოსნობაში. ახლა მაქსიმალური მობილიზება გვმართებს, რათა ოლიმპიური თამაშების ფინიშზე კვლავ გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები“, — აღნიშნა ლერი ხაბელოვმა, რომელმაც ჩვენს ოლიმპიელებს და მათ მწვრთნელებს სამახსოვრო მედლები და სეოკ-ის სერტიფიკატები გადასცა.