კახა ბერიძე
ისტორიის კუთვნილება გახდა ის ქართული სპორტისთვისაც. როგორი იყო ჩვენი მოლოდინი, რამდენად გამართლდა ქართველ გულშემატკივართა იმედები, კმაყოფილია თუ არა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შედეგებით? ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს ემზარ ზენაიშვილს ვთხოვეთ ინტერვიუ, რომელსაც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ პარკში ვესაუბრეთ.
— დასრულდა ოთხწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმი. საინტერესო იქნება თქვენი, როგორც სეოკ-ის გენერალური მდივნის შეფასება.
— პირველ რიგში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ XXXI ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ქართული სპორტისა და სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა.
თამაშებში მონაწილე სპორტსმენების რეკორდული რაოდენობით — 40 კაცი, დებიუტით რამდენიმე დისციპლინაში, მოპოვებული ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით ხარისხობრივად გაუმჯობესდა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის შედეგები. მედლების საერთო რაოდენობითაც წინა თამაშებს არ ჩამოვრჩებით.
თავისთავად, 207 ქვეყანას შორის პირველ ორმოცეულში მოხვედრა უკვე დიდი წარმატებაა. აბა, დახედეთ ცხრილს და ნახავთ, რამდენ ეკონომიკურად ჩვენზე ძლიერ ქვეყანას ვუსწრებთ და ან მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით რამდენად მაღალი მაჩვენებელი გვაქვს.
მოკლედ, რიოში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენებმა კარგად წარმოაჩინეს ქართული სპორტის დღევანდელი პოტენციალი და ისინი თავაწეულნი დაბრუნდებიან სამშობლოში.
— დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ხომ არ გრჩებათ ან, პირიქით, ჩვენ მიერ მოპოვებული მედლებიდან რომელიმე თქვენთვის სიურპრიზი ხომ არ ყოფილა?
— კაცი თვითკმაყოფილებას არასდროს უნდა მიეცეს. მადა ჭამაში მოდისო და უფრო მეტის სურვილიც გვქონდა, მაგრამ რა შედეგიც დაიდო, ურიგო ნამდვილად არ არის. ამას გარდა, თამამად ვიტყვი, მოპოვებული 7 მედლიდან არც ერთი არ ყოფილა შემთხვევითი ან დაუმსახურებელი. მეორე მხრივ, გულდასაწყვეტია, რომ, რიგი მიზეზების გამო, ქართველ ოლიმპიელთა მედლების ყულაბას რამდენიმე მედალი მართლაც დააკლდა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ავთანდილ ჭრიკიშვილი თბილისში მედლის გარეშე დაბრუნდა. დასანანია, რომ ისეთი ნიჭიერი მოჭიდავე, როგორიც გენო პეტრიაშვილია, მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდა.
— სხვა სპორტსმენების გამოსვლაზე რას იტყოდით?
— მედლის შესანიშნავი შანსი მიეცა ძიუდოისტ ამირან პაპინაშვილს. სასიამოვნოდ გაგვაოცა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ, რომელიც მედალთან ძალიან ახლოს იყო. ბოლომდე ვაჟკაცურად იბრძოლა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ და მხატვრულმა ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავამ.
— და ჩემპიონ-პრიზიორებსაც მივადექით…
— განსაკუთრებული მადლობა მათ. რიო 2016-ის ტრიუმფატორებს — ლაშა ტალახაძესა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, ძიუდოისტთა გუნდის ჭეშმარიტ ლიდერსა და თამაშების ვერცხლის პრიზიორ ვარლამ ლიპარტელიანს, უკლებლივ ყველა მედალოსანს, მათ მწვრთნელებს, ფედერაციის ხელმძღვანელებს, სამედიცინო პერსონალს, ლაურეატთა ოჯახის წევრებს.
ცხადია, ამ წარმატებაში სერიოზული წვლილი შეიტანეს ოლიმპიურმა კომიტეტმა და სპორტის სამინისტრომ. ჩვენ ყველანი ვგრძნობდით საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყოველ მოპოვებულ მედალს მყისვე ტელეფონით გვილოცავდა, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი თავად სტუმრობდა ჩვენს სპორტსმენებს რიოში.
უნდა ავღნიშნოთ, რომ ოლიმპიური დელეგაცია მუდმივად გრძნობდა ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს და პირადად ელჩის ოთარ ბერძენიშვილის თანადგომასა და მხარდაჭერას.
— უნდა ვივარაუდოთ, რომ ოლიმპიური კომიტეტის მოლოდინი გამართლდა?
— სახეობათა მიხედვით ოლიმპიადამდე გაწეული სამუშაო და ოლიმპიადაზე მიღწეული შედეგები უკვე თბილისში გაანალიზდება, მაგრამ ჩვენი მოლოდინი მედლების თაობაზე — სპორტის სახეობათა მიხედვით — სრულად გამართლდა. უმთავრეს იმედებს ძალოსნებზე, მოჭიდავეებსა და ძიუდოისტებზე ვაკეთებდით.
არ შემიძლია გვერდი ავუარო ტყვიის სროლაში დედა-შვილის ნინო სალუქვაძისა და ცოტნე მაჭავარიანის მონაწილეობას. უკეთეს შედეგს ველოდით მშვილდოსნებისგან. მათ ამის საფუძველი კარგი სეზონით მოგვცეს და, როგორც იტყვიან, საღერღელი აგვიშალეს, მედლისთვის განგვაწყეს. სამწუხაროდ, რიოში ეს არ გამოუვიდათ.
ბუნებრივია, განსაკუთრებული მოლოდინი არ გვქონია მოცურავეებისა და მძლეოსნებისგან. მათ, რომ იტყვიან, თავიანთი საქმე ლიცენზიების მოპოვებით გააკეთეს. მძლეოსნები სულაც სარეკორდო რაოდენობით — ხუთი კაცით იყვნენ წარმოდგენილი ოლიმპიადაზე. მათ შორის ყველაზე მეტად ბაჩანა ხორავასი გვეიმედებოდა და რიოში თავისი საუკეთესო შედეგი რომ ეჩვენებინა, ალბათ ფინალშიც იასპარეზებდა.
ამ დონის შეჯიბრებებში მონაწილეობის გამოცდილების არქონამ ნიჭიერ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს საშუალება არ მისცა, მიეღწია დასახული მიზნისთვის, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდაა და მისთვის „ტოკიო 2020“ წინ არის.
— საორგანიზაციო საკითხებზე რას გვეტყოდით?
— ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტსმენებისთვის გააკეთა ყველაფერი, რათა მათ შორეულ ბრაზილიაში კომფორტულად ემგზავრათ. გახსნის ცერემონიის სააღლუმო ჩაცმულობაზე თბილისში ატეხილი აჟიოტაჟის მიუხედავად, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ „სამოსელი პირველის“ მიერ შესრულებულ ჩვენს დაკვეთას რიოში საყოველთაო მოწონება ხვდა წილად. ასევე ძალზე მოხდენილი და ეფექტური იყო ჩვენი დელეგაციის სპორტული აღკაზმულობა, რომელიც ცნობილმა იაპონურმა ფირმამ „მიზუნომ“ დაგვიმზადა.
— თვითონ რიო 2016-ის საორგანიზაციო მხარეს როგორ შეაფასებდით?
— მასმედიაში ბევრს წერენ და ლაპარაკობენ რიოს თამაშების საორგანიზაციო გაუმართაობაზე. ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო იდეალური თამაშები, იყო ბევრი პრობლემა, განსაკუთრებით, პირველ დღეებში, მაგრამ თანდათან მეტ-ნაკლებად ყველაფერი მოგვარდა. ბრაზილიას მართლაც გაუჭირდა თამაშების სიმძიმის აწევა, მაგრამ მათი მხრიდან მცდელობა იმისა, რომ კარგად წარმოეჩინათ თავი, დიდი იყო და რაღაც დონეზე ეს შეძლეს კიდეც.
— და, ბოლოს, პატრიკ ჰიკთან დაკავშირებულ სკანდალზეც ვთქვათ…
— ჩემთვის და, ალბათ, სრულიად ევროპის ოლიმპიური ოჯახისთვის ეს უდიდესი მოულოდნელობა და შოკი იყო. ამ თემაზე არაერთ კოლეგას ვესაუბრე და ყველა გაოცებულია მომხდარის გამო. რაშიც მას ედება ბრალი, თუ სიმართლეა, მოუწევს თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება. აქვე დავძენ, რომ პატრიკ ჰიკი იყო არა მარტო საქართველოს ეროვნული კომიტეტის, არამედ ყველა ევროპული ოლიმპიური კომიტეტის მეგობარი და მხარდამჭერი. მან თავისი საქმიანობით ბევრჯერ გამოხატა კეთილგანწყობა ქართული ოლიმპიური მოძრაობის მიმართ.