თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სექტემბრიდან სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომლის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები ქვეყნის პროფესიულ სასწავლებლებში გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ.
იმისთვის, რომ პროგრამაში ჩაერთონ, 16 წლის ზევით ასაკის მსურველებმა 9 სექტემბრამდე თავისი რაიონის სოციალური მომსახურების სერვის-ცენტრს უნდა მიმართონ და შესაბამისი პროცედურა გაიარონ.
ყველა დაინტერესებული პირი უფასოდ გადამზადდება იმ პროფესიებში, რომლებზეც შრომის ბაზარზე განსაკუთრებული მოთხოვნაა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ამ პროფესიებიდან ზოგიერთი, განსაკუთრებით მოთხოვნადი პროფესიები გამოყო, მაგალითად, როგორებიცაა გიდი, ტუროპერატორი, სტილისტი, ხურო, შემდუღებელი და ა. შ.
მსურველები გადაემზადებიან აკრედიტებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სწავლის პროცესი 2-4 თვე გაგრძელდება.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე შეარჩია პროფესიული სასწავლებლები. მათი რაოდენობა ორმოცზე მეტია, რომელთა ბაზაზეც სამუშაოს მაძიებლები გადაემზადებიან. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოვლენილია ის მოთხოვნადი პროფესიები, რომლებიც აქტუალურია შრომით ბაზარზე. ესეთი პროფესიების რაოდენობა დღეისთვის უკვე 57 ერთეულს შეადგენს“, — განაცხადა ბრიფინგზე სოფრომაძემ.
სამუშაოს მაძიებლები ოთხი თვის განმავლობაში 150 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებენ.
გადამზადების პროცესი თბილისში უკვე დაწყებულია. ხოლო სექტემბრიდან უკვე საქართველოს 16 რაიონში დაიწყება.