თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობა შექმნის სპეციალურ ბაზას, რომელშიც ყველა კონკურენტუნარიანი უნარშეზღუდული პირი შევა, რომელსაც დასაქმება სურს.
ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს შორის სსს და შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის სერვისების პილოტირების პროგრამის განხორციელების მიზნით, უწყებათაშორისი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა, ირაკლი ჟორჟოლიანმა მოაწერეს.
მემორანდუმი მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა (სსს) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების დასაქმების ხელშეწყობისათვის შესაძლო სერვისების იდენტიფიცირებას, შერჩეული სერვისების მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებასა და დასაქმების ხელშემწყობი სერვისების პილოტირებას ისახავს მიზნად.
პროგრამის ფარგლებში დასაქმების კონსულტანტთა მინიმუმ ათკაციანი ჯგუფი შეიქმნება. სააგენტო მათ პროფესიული განვითარების ტექნიკურ მხარდაჭერას, სამუშაოს მონიტორინგის მექანიზმის განსაზღვრასა და კონტროლს უზრუნველყოფს.
მხარდაჭერითი დასაქმების მეთოდოლოგიის შემუშავება და მისი მხარდაჭერა მემორანდუმით 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება.
„ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულება და ამ პროექტში განსაზღვრული მნიშვნელოვანი სეგმენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას უჭირავს“, — განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ.
საქართველოში 124,5 ათასი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია რეგისტრირებული, რომელიც ხელისუფლებისაგან სოციალურ დახმარებს იღებს.