თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი ძალზე აქტიურად მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიფინგზე.
გუშინ რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტმა რიკარდ იოზვაკმა „ტვიტერის“ ბლოგით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს 2017 წლის 1 იანვრიდან დააწესებს. მოგვიანებით მან არ გამორიცხა, რომ ამ პროცესზე პოლიტიკურმა მოვლენებმა კვლავ შეიძლება იქონიოს გავლენა.
„არ შეიძლება თარიღებით სპეკულირება. შეიძლება გარკვეულ ჟურნალისტს თავისი გარკვეული მოსაზრებები ჰქონდეს, პოლიტიკოსებს თავისი მოსაზრებები ჰქონდეთ. აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ პროცესები და პროცედურები მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. აქტიურად გამოიხატება ყველა ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან მხარდაჭერა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხისადმი“, — განაცხადა ჯანელიძემ.
ყველა მაღალი დონის პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველომ დაიმსახურა ვიზალიბერალიზაცია რეფორმების, გადადგმული ნაბიჯების მიხედვით, აღნიშნა მინისტრმა.
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. ივლისის დასაწყისში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან ვიზელიბერალიზაციის პროექტი მოიწონა.
თუ ევროპარლამენტის დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის ვადით შეძლებენ.