თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ევროკავშირში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს ნატალია საბანაძეს არ შეუძლია დაასახელოს ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესების ზუსტი თარიღი. რადიო "თავისუფლების“ კორესპონდენტი რიკარდ ჟოზვიაკი, რომელიც ბრიუსელში მუშაობს, სამშაბათს იტყობინება, რომ ევროკავშირი საქართველოსათვის უვიზო რეჟიმს 2017 წლის 1 იანვრიდან შემოიღებს. მოგვიანებით მან არ გამორიცხა, რომ პოლიტიკური მოვლენების გამო ამ თარიღმა შესაძლოა კვლავ გადაიწიოს. „ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ეს პროცესები სექტემბრიდან განახლდება და მერე ჩვენ ვნახავთ რამდენად სწრაფად მიიღებენ ისინი გადაწყვეტილებას“, — თქვა საბანაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ამ პროცესის გაწელვა არანაირად არ არის დაკავშირებული საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან.
საქართველოში იმედოვნებდნენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე ზაფხულში შემოიღებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო.
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. ივლისის დასაწყისში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან ვიზელიბერალიზაციის პროექტი მოიწონა.
თუ ევროპარლამენტის დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის ვადით შეძლებენ.