თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ევროკავშირი უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წლის 1 იანვრიდან დააწესებს. ეს ინფორმაცია ბრიუსელიდან რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტმა რიკარდ იოზვაკმა „ტვიტერის“ ბლოგით გაავრცელა.
საქართველოში იმედოვნებდნენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე ზაფხულში შემოიღებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო.
„ევროკავშირის დეპუტატები ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ ოქტომბერში ელოდებიან, ხოლო ამოქმედებას — 2017 წლის 1 იანვრიდან“, — დაწერა იოზვაკმა.
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. ივლისის დასაწყისში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან ვიზელიბერალიზაციის პროექტი მოიწონა.
თუ ევროპარლამენტის დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის ვადით შეძლებენ.