თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ბათუმში 27 აგვისტოს თბილისური ბლუზ-ჯგუფი Koka & T.Blues Mob დიდ სოლო კონცერტს გამართავს. ჯგუფის გამოსვლას Saturday Blues Fever („შაბათის ბლუზის ციებ-ცხელება“) ჰქვია.
Koka & T.Blues Mob-ის კონცერტი ბათუმის ჩოგბურთის კლუბის სცენაზე 20:00 საათზე დაიწყება.
„კონცერტზე შევასრულებთ ძველ და ახალ კომპოზიციებს, მათ შორის ბოლო ესპანური ალბომიდან. ერთი ახალი სიმღერის პრემიერა აუცილებლად გაიმართება. და იქნება რამდენიმე აკუსტიკური მომენტიც — გიტარითა და ტუჩის გარმონით“, — განუცხადა Sputnik-ს ჯგუფის ლიდერმა კოკა ცქიტიშვილმა.
კონცერტს ადგილობრივი ტელევიზია გადაიღებს, ამის შემდეგ შოუს შესახებ შემაჯამებელი ვიდეო გამოვა.
გარდა ამისა, მუსიკოსების ინიციატივით, ჯგუფის გამოსვლას 14 წლამდე ბავშვები და მოზარდები უფასოდ დაესწრებიან. კონცერტს ასევე დაესწრებიან ბათუმის ბავშვთა სახლების აღსაზრდელები.
„გვინდა მათი სულები იაფფასიანი და უხარისხო მუსიკისგან გავათავისუფლოთ“, — აღნიშნა ცქიტიშვილმა.
მეორე დღეს, 28 აგვისტოს Koka & T.Blues Mob-ის კონცერტი 21:00 საათზე პიაცას მოედანზე გაიმართება.
Koka & T.Blues Mob-ის კონცერტები სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში იმართება.
Koka & T.Blues Mob 1999 წელს დაარსდა. ჯგუფი ევროპაში 2000 წლიდან აწყობს გასტროლებს. თბილისელმა ბლუზმენებმა ტურებით მოიარეს ესპანეთი, დანია, ნორვეგია, შვედეთი, გერმანია, ჰოლანდია, ბელგია, შვეიცარია, თურქეთი, ტაილანდი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი.
ანსამბლის წევრები არიან: კოკა ცქიტიშვილი (სოლისტი, გიტარა), თამაზ თხინვალელი (გიტარა), სანდრო ჟღენტი (დასარტყამი საკრავები) და საბა ჩიხლაძე (ტუჩის გარმონი).
2012 წლიდან ჯგუფი ევროპის ბლუზის კავშირის წევრია. გარდა ამისა, ჯგუფის ფრონტმენი კოკა ცქიტიშვილი რადიო RusRadio Marbella-სთან ერთად 2014 წელს ბლუზის ფესტივალის Blues Summit-Cherry Blues დამფუძნებელი გახდა.