თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მზადყოფნა გამოთქვა, უპასუხოს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს, თუმცა ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.
გუშინ საკრებულოს 13-მა დეპუტატმა მოითხოვა, რომ ნარმანია გამოცხადდეს საკრებულოში და თბილისში ხეების უკანონო მოჭრასთან დაკავშირებით არსებული ვითარება განმარტოს. გარემოს დაცვის თემა თბილისში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ყაზბეგის გამზირის №22-ში გაჩეხილი ხეების ფოტოები გავრცელდა.
„აუცილებლად მივალ თბილისის საკრებულოში და გავცემ ყველა კითხვას პასუხს, რაც იქნება დასმული. გარდა კონკრეტულად ამ საკითხისა, მე ვისაუბრებ საერთოდ ჩვენი გამწვანებისა და გარემოს დაცვის მიმართულების პოლიტიკაზე, იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებსაც ჩვენ ამ თვალსაზრისით ვახორციელებთ, რათა ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, რას ვაკეთებთ გამწვანების კუთხით“, — განუცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებს.
მერის განცხადებით, ხეების მოჭრის საკითხი აუცილებლად გადაიხედება.
„მუშაობა უკვე დავიწყეთ და უახლოეს დღეებში, როდესაც საკრებულოში შეხვედრამდე ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შევხვდებით, გავაცნობთ მათ ჩვენს მოსაზრებებს და მათ მოსაზრებებს მოვისმენთ, რათა უფრო გამკაცრდეს წესები, და ამას საკრებულოს წარვუდგენთ დოკუმენტის სახით“, — განაცხადა ნარმანიამ.
მერის საკრებულოს წევრებთან შეხვედრის ზუსტი თარიღი საკრებულოს ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. ოპოზიციის წარმომადგენლები ნარმანიას მისვლას ხუთშაბათს ითხოვენ.
გასულ კვირაში მერიის შენობის წინ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პარტიზანი მებაღეების“ ხელმძღვანელმა ნატა ფერაძემ ხეების გაჩეხვის გამო პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ექვსი დღის შემდეგ მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის ნაცვლად შიმშილობა სხვა „მწვანე აქტივისტმა“ განაგრძო.
როგორც მანამდე მერიაში განმარტეს, ყაზბეგის გამზირის №22-ში დაგეგმილია 150-მილიონიანი უცხოური ინვესტიციის განხორციელება სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით, 2000 მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა, ამავე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის განვითარება.
ბუნების დამცველების საპროტესტო აქციის შემდეგ, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ხეების მოჭრის პროცესი შეაჩერეს და განაცხადეს, რომ მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დადგა შპს „ფორესტ კომპანის” მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა. ეს კომპანია განსაზღვრავს ხეების ასაკსა და მდგომარეობას.
საკითხის შესწავლაში ქალაქის პროკურატურაც ჩაერთო, რომელსაც „მწვანე აქტივისტებმა“ მიმართეს.