თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პარტიზანი მებაღეების“ ხელმძღვანელმა ნატა ფერაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მერიის შენობის წინ შიმშილობა შეწყვიტა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ფერაძემ შიმშილობა 17 აგვისტოს დაიწყო. ექვსი დღის შემდეგ ის ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნატა ფერაძემ შიმშილობა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო, მას შემდეგ, რაც ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
„პაციენტი შემოყვანილია სისხლში გლუკოზის დაბალი დონის გამო. ეს შიმშილობის შედეგია. ამჟამად მისი მდგომარეობა ნორმალურია, ყველა პარამეტრი უბრუნდება თავის საწყის, ნორმალურ მდგომარეობას. ჩვენ გვგონია, რომ ის რამდენიმე ხანს კიდევ დაჰყოფს საავადმყოფოში“, — განაცხადა ექიმმა ლევან სუხიშვილმა.
ფერაძის ნაცვლად მერიის შენობასთან შიმშილობას „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენელი ელენე მალაშევსკი-ჯაყელი გააგრძელებს.
„ალბათ, ის ვეღარ გააგრძელებს შიმშილობას მძიმე მდგომარეობის გამო. მის ადგილზე შიმშილობას მე ვიწყებ. პროტესტი არ მთავრდება, მოთხოვნები იგივე რჩება“, — განაცხადა მალაშევსკი-ჯაყელმა.
პარალელურად თბილისის საკრებულოს 13-მა წევრმა ქალაქის მერ დავით ნარმანიასგან ხეების უკანონო გაჩეხვის თაობაზე ანგარიშის ჩაბარება მოითხოვა.
როგორც მანამდე მერიაში განმარტეს, ყაზბეგის გამზირის №22-ში დაგეგმილია 150-მილიონიანი უცხოური ინვესტიციის განხორციელება სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით, 2000 მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა, ამავე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის განვითარება.
ბუნების დამცველების საპროტესტო აქციის შემდეგ, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ხეების მოჭრის პროცესი შეაჩერეს და განაცხადეს, რომ მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დადგა შპს „ფორესტ კომპანის” მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა. ეს კომპანია განსაზღვრავს ხეების ასაკსა და მდგომარეობას.
საკითხის შესწავლაში ქალაქის პროკურატურაც ჩაერთო, რომელსაც „მწვანე აქტივისტებმა“ მიმართეს.