რიო-დე-ჟანეირო, 20 აგვისტო — Sputnik, კახა ბერიძე. ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ჰკითხეს: „ვინ მიგაჩნიათ ოქროს მედლის პრეტენდენტად თქვენს წონით კატეგორიაში?“ ლადომ უპასუხა: „ვიქტორ ლებედევი, ჰასან რეჰიმი და მე“.
რიოს ოლიმპიადაზე რუსმა ლებედევმა პირველსავე ორთაბრძოლაში განიცადა მარცხი, ირანელი რაჰიმი მოულოდნელად გამოეთიშა ბრძოლას ნახევარფინალში, ხინჩეგაშვილი კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ლადო სულ 25 წლისაა, მაგრამ მის ანგარიშზე უკვე იმდენი ჯილდოა, რომ ყველაზე სახელოვან ვეტერანებსაც შეშურდებათ. ქართველი მოჭიდავე მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი და გასული ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია. ახლა კი ოქროც აიღო და ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა.
დაჯილდოების ცერემონისს შემდეგ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ბრაზილიაში მყოფი ლამის მთელი ქართული დელეგაცია შემოესია მისალოცად. ყველას უნდოდა ოლიმპიურ ჩემპიონთან და მის ოქროს მედალთან სურათის გადაღება. ლადომ, ბოლოს და ბოლოს, მოაღწია ჟურნალისტებისთვის გამოყოფილ ადგილამდე და სწორედ იქ შევძელი, გავსაუბრებოდი.
— რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება?
— პირველ რიგში, მიზნის მიღწევას და ჩემს კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს.
— გაიხსენეთ, როგორ გახდით თავისუფალი სტილით მოჭიდავე.
— ოჯახური ტრადიციის გამო. მამაჩემი იყო მოჭიდავე, თანაც, ძალიან კარგი. მსოფლიო ჩემპიონი იყო ახალგაზრდებს შორის. მამა მანამ გარდაიცვალა, სანამ მე ჭიდაობას დავიწყებდი. მიხარია, რომ მამის სახელს ვამართლებ.
— როგორ აფასებთ რეი ჰიგუჩისთან ფინალურ შეხვედრას?
— ძალიან ძლიერი და ნიჭიერი მოჭიდავეა. ვფიქრობ, მომავალში ბევრ ტიტულს მოიპოვებს.
— ფინალამდე თუ შეხვედრიხარ?
— არა, ეს ჩვენი პირველი ორთაბრძოლა იყო.
— ალბათ არც გეგონათ, რომ ფინალამდე მოვიდოდა…
— ჩემ უშუალო კონკურენტებს ვაკვირდებოდი და ამ იაპონელმა ისეთი ძლიერი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, რომ საერთოდაც არ გამკვირვებია მისი ფინალში გასვლა.
— ვის გეგონათ, რომ ფინალში შეხვდებოდით?
— როცა კენჭისყრის შედეგები გახდა ცნობილი, ჩემი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგები იყვნენ აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი და ირანელი ჰასან რაჰიმი. ვფიქრობდი, რომ ფინალში რაჰიმის შევხვდებოდი.
— პირველიდან ფინალურ შეხვედრამდე ყველა შერკინება დრამატული ბრძოლთ მოიგეთ, მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენდით და რისკს გაურბოდით. ეს ტაქტიკური ჩანაფიქრი იყო?
— წონის დაგდება მომიხდა და ამან ჩემზე გავლენა მოახდინა. ვცდილობდი, ძალები ყველა ორთაბრძოლაში პირველიდან ბოლო წამამდე თანაბრად გამენაწილებინა. შესაძლოა, ქომაგები ვანერვიულე, მაგრამ მთავარია, რომ ახლა არიან გახარებულები ჩემი გამარჯვებით.
— ოთხი წლის წინ ლონდონში ფინალში გახვედით და გამარჯვებასაც იმსახურებდით, მაგრამ მსაჯის არაობიექტურობის გამო ოქრო დაკარგეთ…
— ეს სპორტია და ყველაფერი ხდება, მით უმეტეს, ოლიმპიადაზე. ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის შემდეგ ოცნება ავისრულე.