ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: ყველა გამარჯვებას მამაჩემს ვუძღვნი

© Sputnik/ Denis Aslanovვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადამდე სულ ცოტა დრო დარჩა და ლიცენზიანტი სპორტსმენები მზადების აქტიურ სტადიაზე გადავიდნენ.

გამონაკლისს არ წარმოადგენს არც საქართველოს ეროვნული ნაკრები თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც რიოს ოლიმპიადაზე ექვს სპორტსმენს წარადგენს. ექვსივე მათგანი ახლა ბაკურიანშია და იქ ემზადება შეჯიბრებისთვის. სწორედ იქ გავემგზავრეთ მოჭიდავეებთან სასაუბროდ და იმის სანახავად, როგორ მიმდინარეობს სავარჯიშო პროცესი. ამისათვის მადლობას ვუხდით საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტს ვლადიმერ კანკავასა და მწვრთნელს არჩილ ქიტიაშვილს.

© Sputnik/ Denis Aslanovსაქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები: იაკობ მაქარაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე და სანდრო ამინაშვილი
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები: იაკობ მაქარაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე და სანდრო ამინაშვილი   - Sputnik საქართველო
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები: იაკობ მაქარაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე და სანდრო ამინაშვილი

ნაკრების წევრებმა ძალიან თბილად მიგვიღეს, იმდენად თბილად, რომ თავი ერთ დიდ და მეგობრულ ოჯახში გვეგონა, სადაც ცხოვრების უმთავრეს პრინციპად „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“ დაუდგენიათ.

დილის ვარჯიშისა და დასვენების შემდეგ ვლადიმერ (ლადო) ხინჩეგაშვილს გავესაუბრეთ — ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს, ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და საქართველოს 2015 წლის სპორტსმენს.

ამ მიმზიდველ და ღიმილიან 25 წლის ახალგაზრდა კაცში შინაგანი ფოლადი იგრძნობა, რაც ყველაფერში ვლინდება: მოძრაობაში, საქციელში, გამოხედვაში — ჩემპიონის გამოხედვაში.

— ვარსკვლავად გრძნობთ თავს?

— არა.

— საერთოდ მოჭიდავეები ავადდებიან ვარსკვლავური სენით?

— ყველაფერი შესაძლებელია. მთლად ასეთს არ გადავყრივარ, მაგრამ მიმსგავსებულები კი შემხვედრიან.

© Sputnik/ Denis Aslanovვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბაკურიანში
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბაკურიანში - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბაკურიანში

— თქვენ ყველაზე ტიტულოვანი მოჭიდავე ხართ ამ მომენტში საქართველოში და როგორ გეპყრობიან ახალგაზრდა თანაგუნდელები, რჩევებს არ გეკითხებიან?

— კი, რა თქმა უნდა. დასამალი არაა, რომ მოჭიდავეებში ნამდვილად მაქვს ავტორიტეტი. ნაკრების წევრი 2009 წლიდან ვარ. მანამდე იყო იუნიორთა და ახალგაზრდული გუნდები. უკვე მიჭიდავია ვეტერანთა შორისაც, ეს მაშინ, როცა ის ბიჭები, რომლებიც ახლა გუნდში არიან, ის–ის იყო, ნაკრებში მოდიოდნენ. ფაქტობრივად, ჩემ თვალწინ გაიზარდნენ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რაღაც ავტორიტეტი მართლაც მქონია, არა? (იცინის) რა იყო, ასე არაა? (მიუბრუნდა ლადო თანაგუნდელებს, რომლებმაც პასუხად სიცილი დააყარეს) თუმცა, მაინც ვიტყოდი, რომ ეს უფრო გამოცდილებაა და არა ავტორიტეტი. ასე უფრო სწორი იქნება.

— ვინ არის გუნდში ყველაზე დიდი ხუმარა და ყველაფრის წამომწყები?

— ვინ და, აგერ, გენო და ელიზბარი. გამუდმებით რაღაცას იგონებენ.

— ძალიან დიდ დროს ატარებთ ერთად და არ იღლებით ერთმანეთისგან?

— ხანდახან ასეც ხდება, როცა ხანგრძლივი შეკრებები გვაქვს. როგორც წესი, შეკრებები 11–12 დღე გრძელდება, თუმცა 16-დღიანზეც ვყოფილვარ. აი, ასეთ მომენტებში კი, ცოტა არ იყოს, გბეზრდება ერთი და იგივე სახის ცქერა. მაგრამ მერე, როცა შეკრებები მთავრდება, ისევ გვენატრება ერთად ყოფნა, იმიტომ რომ მართლა ერთი ოჯახი ვართ.

© Sputnik/ Denis Aslanovგენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ზურაბ იაკობაშვილი ბაკურიანის შეკრებაზე
გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ზურაბ იაკობაშვილი ბაკურიანის შეკრებაზე - Sputnik საქართველო
გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ზურაბ იაკობაშვილი ბაკურიანის შეკრებაზე

— დაბადების დღეებსა და სხვა დღესასწაულებს ერთად აღნიშნავთ?

— თუ რომელიმე ჩვენგანის დაბადების დღე შეკრებებს ემთხვევა, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად აღვნიშნავთ, მაგრამ შეკრებების იქით ფიზიკურად ვეღარ ვახერხებთ ერთმანეთის მონახულებას. ჩვენ ხომ სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ.

— წელიწადში რამდენ ხანს ახერხებთ შინაურებთან, ოჯახის წევრებთან ყოფნას და რას აკეთებთ ამ დროს?

— წელიწადში, სადღაც ორ თვეზე ცოტა მეტი გამოგვდის შინ ყოფნა. დანარჩენ დროს ხან შეკრებებზე ვატარებთ, ხან ვარჯიშებზე და ხანაც — შეჯიბრებებზე. ჩვენ ხომ ნაკრების გარდა საკუთარი კლუბების სახელითაც გვიწევს გამოსვლა.

რაც შეეხება „მოპარულ“ თავისუფალ დღეებს, დაგროვილ მოსაგვარებელ საქმეებსა და მეგობრებს ვუთმობ. მოკლედ, მოსაწყენად ვერ ვიცლი.

— შეყვარებული გყავთ?

— არა. ადრე მყავდა, ახლა აღარ მყავს (იცინის).

— თქვენ თქვით, რომ ძალიან მოგეწონათ „ინდურ ლიგაში“ გამოსვლა. რა იყო მასში განსაკუთრებული და ახალი, კერძოდ რით მოგეწონათ?

— „ინდური ლიგა“ წელს პირველად ჩატარდა. ძალიან მასშტაბური ღონისძიება იყო. უპირველესად უნდა ითქვას, რომ ამ შეჯიბრებებს უზარმაზარი ტელეაუდიტორია ჰყავდა. ფინალური შერკინებები დაახლოებით 60 მილიონმა კაცმა ნახა. ჭიდაობისთვის ეს უპრეცედენტო მაჩვენებელია. თუმცა, არა მხოლოდ ჭიდაობისთვის.

© FB/ Vladimer.Khinchegashvili ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: მოწინააღმდეგის თვალებში ყოვეთვის იმას ვკითხულობ, რომ მე გავიმარჯვებ
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: მოწინააღმდეგის თვალებში ყოვეთვის იმას ვკითხულობ, რომ მე გავიმარჯვებ - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: მოწინააღმდეგის თვალებში ყოვეთვის იმას ვკითხულობ, რომ მე გავიმარჯვებ

მეორე: ორგანიზატორებმა ტურნირი არაჩვეულებრივ შოუდ აქციეს. სპორტსმენების ხალიჩაზე გამოსვლა, მუსიკალური გაფორმება, განათება — ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო მოწყობილი. ამასთან, თითოეულ კლუბს ადგილობრივი ვარსკვლავები წარმოადგენდნენ — ტელეწამყვანები და მსახიობები. ხალხი მარტო ჩვენ სანახავად კი არ მოდიოდა, არამედ საკუთარი კერპებისაც. გარდა ამ ყველაფრისა, ღონისძიება ძალიან კარგად ფინანსდებოდა, რაც უმნიშვნელოვანესია.

— ოლიმპიადამდე კიდევ რამე შეჯიბრება იქნება?

— არა, ახლა მხოლოდ შეკრებები და ვარჯიშები გვექნება.

— ჯამალ ოთარსულთანოვი მოდის რიოში? (ეს რუსეთის წარმომადგენელი მოჭიდავეა, რომელმაც ლადო 2011 წელს ევროპის ჩემპიონატისა და ასევე 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ფინალებში დაამარცხა — ავტ.)

— რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი ჯერ ისევ ღიად რჩება. რუსეთში ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, ვინ წავა რიოში. ჯამალს შანსი აქვს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ვიქტორ ლებედევს გაუშვებენ — მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს.

— გინდათ ისევ შეხვდეთ ოთარსულთანოვს? „სათქმელი“ ხომ არ დაგრჩათ მასთან ორჯერ წაგების მერე?

— ორჯერ კი არა, ჯამალთან სამჯერ დავმარცხდი. უბრალოდ, ეს ყველამ არ იცის, იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონატივით შეჯიბრება არ იყო (იცინის).

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩვენი გზები ისევ გადაკვეთილიყო, მაგრამ რომ გითხრათ, საშინლად მინდა რევანშის აღება–მეთქი, მართალი არ იქნება. მე მაქვს მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიო და ვის შევხვდები და ვისთან ბრძოლაში გავიმარჯვებ, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

კი, იმის ინტერესი, რომ ვისთანაც დამარცხებულხარ, იმასთან გაიმარჯვო, ყოველთვის არის, მაგრამ ეს წმინდა სპორტული ინტერესია.

— დოპინგის პრობლემა სპორტის ყველა სახეობაში მწვავედ დგას. თქვენი აზრით, რა გზით შეიძლება აღმოიფხვრას ეს პრობლემა, ან, საერთოდ, შესაძლებელი არის კი ეს?

— მე მგონია, რომ ასეთი პრობლემები ყოველთვის იქნება. მკაცრი, სასტიკი კონტროლია საჭირო. აკრძალული ნივთიერებები ხანდახან „არაადამიანურ“ შედეგებს იძლევა და არ მესმის, ვის სჭირდება ასეთი შეჯიბრება?

დოპინგის გამომყენებელი სპორტსმენი თუ ერთხელ დასაჯე, მეორედ დასაჯე და მაინც ვერ სწავლობს ჭკუას, მაშინ სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მისცე. მაშინვე კი არა, სულ ცოტა, ორჯერ შანსის მიცემის შემდეგ.

— სპორტსმენები, რომლებსაც ოლიმპიადებში მიუღიათ მონაწილეობა, ამბობენ, რომ ეს რაღაც განსხვავებულია. რატომ?

— კი, მართლა ასეა. ოლიმპიური ჩემპიონობა თითოეული სპორტსმენის კარიერაში უდიდესი მიღწევაა, ოლიმპიადა კი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჯიბრება და მისთვის განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მომზადებაა საჭირო.

© Sputnik/ Denis Aslanov ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სპორტდარბაზში ვარჯიშისას
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სპორტდარბაზში ვარჯიშისას - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სპორტდარბაზში ვარჯიშისას

— აქვს თუ არა თქვენთვის მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში ტარდება შეჯიბრება?

— ჩემთვის შეჯიბრების ადგილები იყოფა ორად: საქართველო და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამასთან, აქ გამოსვლა უფრო „მერთულება“, სხვა ყველა ადგილი ჩემთვის სულ ერთია.

— და რატომაა საქართველოში უფო რთული? იმიტომ ხომ არა, რომ თქვენგან მხოლოდ გამარჯვებებს ელიან და ფსიქოლოგიური ტვირთი უფრო მძიმეა?

— შესაძლოა ესეცაა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ აქ გამართულ შეჯიბრებებზე ახლობლები და მეგობრები მოდიან და ძალიან არ მინდა ხოლმე მათი გაწბილება.

— ტოკიოს ოლიმპიადისთვის უკვე 29 წლისა იქნებით. არადა ამბობენ, რომ მოჭიდავისთვის 30 წელი — ეს ზღვარია. აპირებთ მოემზადოთ ტოკიოს თამაშებისთვის?

— ძნელია ასე შორ დროზე გააკეთო პროგნოზი. ყოველ მომდევნო შეჯიბრებაზე კონცენტრირებას ვამჯობინებ. ადრე მჩვეოდა შორს მიმავალი გეგმების დალაგება, მაგრამ მრავალი შეცდომისა და შეძენილი გამოცდილების მერე მივხვდი, რომ ასე შორს გახედვა სწორი არ არის. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ისე, კი მინდა ჩემთვის მესამე ოლიმპიადაშიც მივიღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რა შედეგს ვაჩვენებ რიოში. მიყვარს და მახარებს სპორტში ყოფნა.

— რიოში როგორი შედეგიც უნდა აჩვენოთ, მაინც კმაყოფილი იქნებით თქვენი კარიერით?

— თუ ვიგრძნობ, რომ ყველაფერი გავაკეთე დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეს ვერ მოვახერხე, მაშინ, ალბათ, ვიქნები. მაგრამ თუ რაღაცას ბოლომდე არ გავაკეთებ და ამიტომაც დავმარცხდები, მაშინ არ ვიქნები კმაყოფილი.

© FB/ Vladimer.Khinchegashviliვლადიმერ ხინჩეგაშვილის მორიგი გამარჯვება
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მორიგი გამარჯვება  - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მორიგი გამარჯვება

— პირდაპირ ჭიდაობით დაიწყეთ თუ ჯერ სხვა სპორტში იყავით?

— პირდაპირ ჭიდაობით. მამა რომ გარდაიცვალა (გიორგი ხინჩეგაშვილი — მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის), მაშინვე ხელი მომკიდეს და დარბაზში წამიყვანეს. რვა წლისა ვიყავი მაშინ. მამას ყოველთვის უნდოდა, რომ ჭიდაობისთვის მომეკიდა ხელი, მაგრამა ჯერ პატარად მივაჩნდი. მერე კი მოხდა ის, რაც მოხდა… ყველა ჩემს გამარჯვებას მამის ხსოვნას ვუძღვნი.

— ხალიჩის გარეთ თუ დაგჭირვებიათ პროფესიული უნარების გამოყენება?
— რა თქმა უნდა, დამჭირვებია. კაცს ასეთი შემთხვევა ყოველთვის შეიძლება მოუვიდეს. ასე იყო და, ალბათ, ასეც იქნება. ზოგადად ძალიან მშვიდი და მომთმენი ვარ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი… თუმცა ყველა მათგანი ცოცხალია — ძალიან ჰუმანური ვიყავი (იცინის).

© Sputnik/ვლადიმირ ბარანოვი ჯამალ ოთარსულთანოვი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ლურჯებში) ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე
ჯამალ ოთარსულთანოვი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ლურჯებში) ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე - Sputnik საქართველო
ჯამალ ოთარსულთანოვი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ლურჯებში) ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე

— ლერი ხაბელოვი ამბობს, მოწინააღმდეგის თვალებში ორთაბრძოლის დაწყებამდე შეიძლება ამოიკითხო, დაამარცხებ თუ დაგამარცხებსო. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

— კი, ვეთანხმები. თუმცა მე ყოველთვის იმას „ვკითხულობ“, რომ მე გავიმარჯვებ. თავხედურად კი ჟღერს, მაგრამ ასეა (იცინის). რომც ვიცოდე, რომ მოწინააღმდეგე ყველაფრით მჯობნის, მაინც არ ვკარგავ გამარჯვების იმედს.

— რაიმე განსაკუთრებული მეთოდით განეწყვებით შერკინებისთვის?

— რა თქმა უნდა. სწორი განწყობა წარმატების ერთ–ერთი უმთავრესი კომპონენტია. ბრძოლის საბოლოო შედეგი იმაზეა დამოკიდებული, რა განწყობით გადიხარ ხალიჩაზე. მე ვცდილობ ხოლმე, რომ ჩემთვის საჭირო სიტყვები მოვისმინო, აუცილებლად ვიწერ პირჯვარს და ღმერთს ძალის მოცემას ვთხოვ.

— რომელი სამი სიტყვით დაახასიათებდით საკუთარ თავს?

— შრომისმოყვარე, ამბიციური და, შესაძლოა, კეთილიც (იცინის).

— ვინაა თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
— დედა — ქეთევან გაგნიძე. ისე ნერვიულობს ხოლმე, რომ ჩემს გამოსვლებს ვერც უყურებს, ყოველ შემთხვევაში, პირდაპირ ეთერში. მერე უყურებს ხოლმე, დრო რომ გავა.

— წინააღმდეგი არ იყო, ჭიდაობას რომ გაჰყევით?

— არა, წინააღმდეგი არ ყოფილა, მაგრამ სულ ვეცოდებოდი ხოლმე. თავიდან რომ დავიწყე ვარჯიში, ცოტა სუსტი ვიყავი და რომ ვმარცხდებოდი, ანუ მესამე და მეოთხე ადგილს ვიღებდი, ძალიან  მითანაგრძნობდა.

— პროფესიულ კარიერას რომ დაასრულებთ, ჭიდაობაში დარჩებით?

— ჭიდაობა ძალიან მიყვარს და შევეცდებოდი, რამე გამეკეთებინა ამ სპორტისთვის სამომავლოდ. არ მგონია, რომ მხოლოდ ჭიდაობით დავკავდე, მაგრამ ვისურვებდი, რომ სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო განვითარებულიყო და გაძლიერებულიყო საქართველოში.

© Sputniik/Denis Avlabreliვლადიმერ ხინჩეგაშვილის ავტოგრაფი Sputnik-ს
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ავტოგრაფი Sputnik-ს - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ავტოგრაფი Sputnik-ს

 

ყველა ახალი ამბავი
0