ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო თარიღი მრავლად ყოფილა და მომავალშიც კიდევ იქნება. ყოველი მათგანი სწორედ მისივე მნიშვნელობის დარად შემორჩა თბილისელების მეხსიერებას. გამონაკლისი არც ჩვენი დროების თბილისია. ყოველ დღეს თავისი წილი სიახლე მოაქვს, ვისთვის — მოსაწონი და არმოსაწონი, მისაღები და მიუღებელი… ჯერ არავინ იცის, მიმდინარე წლის 15 აგვისტო როგორ და რა ვადით ჩაეწერება ქალაქის ისტორიაში, თუმცა საკამათო არ არის, რომ ეს თარიღი ერთხანს მაინც გვემახსოვრება. ასეთი რა მოხდა?— შესაძლოა იკითხოს ჩვენმა გულმავიწყმა მკითხველმა და ვიტყვი, რომ მთაწმინდის პარკში დედაქალაქის ელიტა შეიკრიბა… იყო ხალხმრავლობა, ამაღლებული განწყობა და მოლოდინი… „ჩვენ შეგვიძლია თამამად შევხედოთ თბილისელებს თვალებში…“, — ბრძანა გიორგი კვირიკაშვილმა და მანვე, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, შეკრებილ საზოგადოებას დედაქალაქის საარჩევნო ოლქებში პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატები წარუდგინა…
პოლიტიკურ სპექტრში პირველი შეფასებები უმალ, ჯერ კიდევ ცხელ კვალზე გაკეთდა. ითქვა, რომ წარდგენილთა შორის მრავლად არიან სპორტსმენები, მომღერლები, მსახიობები… „ქართულ ოცნებას“ შეახსენეს პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც, მომავალ არჩევნებში სახელისუფლებო გუნდის შემადგენლობაში მეტწილად იურისტები, ეკონომისტები, ფინანსისტები და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტები იქნებოდნენ… „გიდასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. ამჯერად აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება…“, — აი, ასე ფიქრობდა ირაკლი კობახიძე ჯერ კიდევ იანვარში, როცა ჟურნალისტებთან მმართველი პარტიის მოსალოდნელ საარჩევნო პერიპეტიებზე საუბრობდა… რა შეიცვალა მას შემდეგ?— კითხულობენ სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები და „ქართულ ოცნებას“ იმასაც საყვედურობენ, რომ მის რიგებში მრავლად არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პოლიტიკური პარტიების ყოფილი სახეები… ე.წ პორტირებული პოლიტიკოსები… მთაწმინდის პარკში თავყრილობიდან რამდენიმე დღე გავიდა და ახლა უკვე ცივი გონებით შევაფასოთ „ქართული ოცნების“ ძირითადი შემადგენლობა, ის, თუ რა შანსი აქვს სახელისუფლებო გუნდს…
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე: „საარჩევნო სიებში სპორტსმენების და მომღერლების სიჭარბეს ხშირად ვაკრიტიკებთ, რადგან გვსურს, პარლამენტში პოლიტიკურად კომპეტენტური დეპუტატები გვყავდეს. სანაქებო სურვილია… ამავე დროს, საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს პარტიას, რომელსაც მომღერალი უდგას სათავეში. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა პოლიტიკურ პროფესიონალიზმს დიდად არ აქცევს ყურადღებას, ვერც აფასებს ჯეროვნად. ასე იყო ყველგან და ყოველთვის… დააკვირდით, ომის შემდეგ ინგლისის მოსახლეობას სიახლე სურდა და მან არ აირჩია გენიალური პოლიტიკოსი უინსტონ ჩერჩილი. არაპროფესიონალი დონალდ ტრამპი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატია. ელექტორატის ამგვარი ფსიქოლოგიის გათვალისწინებით ცნობილი ადამიანების სიაში ჩასმა, საარჩევნო კამპანიის ქრესტომათიას წარმოადგენს. რას იზამ, ამომრჩეველი ცნობილ სპორტსმენს უფრო აძლევს ხმას, ვიდრე უცნობ იურისტს. პარტიამ რომ მხოლოდ უცნობი იურისტები წარადგინოს კანდიდატებად, მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს და ამ პროფესიონალებთან ერთად დარჩება პარლამენტს მიღმა. ესენი მხოლოდ სპორტსმენები და მომღერლები არ არიან. ისინი არიან მაღალი რანგის მოქალაქეები. პატიოსანი პოლიტიკის გატარებაში მე მათი იმედი უფრო მაქვს, ვიდრე ბევრი „პროფესიონალი“ პოლიტიკოსის. კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მექანიკურად კი არ ჩაყარა სიაში ცნობილი სპორტსმენები და მომღერლები, არამედ გაითვალისწინა მათი პოლიტიკური პატიოსნება. სიებთან დაკავშირებით გაჩენილი ქედმაღლური ტონი, არა მგონია, ყველა შემთხვევაში იყოს გამართლებული. პოპულარული ადამიანების გვერდში დაყენება პარტიას არ გაემტყუნება. პარტია მაშინ უნდა გავამტყუნოთ, თუ ხმების მომტან ამ ადამიანებთან ერთად არა ჰყავს ის ხალხი, რომლებსაც პროფესიონალურად შეუძლიათ ახალი სიტყვის თქმა პოლიტიკაში… ახლა, რაც შეეხება პარტიებში ხალხის მიგრაციას — ეს მოვლენა არც უკანონოა და არც ახალია ჩვენში პოლიტიკისთვის. ზემოხსენებული უინსტონ ჩერჩილიც იცვლიდა პარტიებს. მთავარია, ამასობაში კოჰაბიტაციური გაუგებრობა არ ჩამოყალიბდეს და ადამიანი იმ პარტიის საბოტაჟით არ იყოს დაკავებული, რომელშიც ირიცხება. განვლილ ოთხ წელიწადში „ქართულმა ოცნებამ“ ეს ამოცანა ვერ გადაჭრა და ვნახოთ, რას იზამს გიორგი კვირიკაშვილი…“
კიდევ ერთი საკითხი, რასაც „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო მარათონის კონკურენტები საყვედურობენ, გუნდის წევრთა ახალგაზრდული ასაკი, გამოუცდელობა და არაპროფესიონალიზმია… ისე კაცმა, რომ თქვას, სხვა რაღა დარჩა…
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: „ვერ გავიზიარებ. წარდგენილ სიაში პოლიტიკურად კომპეტენტური ბევრი ახალგაზრდაა. მათ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს სატელევიზიო დებატებიდან. თავისთავად, მიდგომა, რომ თითქოსდა, სპორტსმენს, მომღერალს ან სხვა პროფესიის წარმომადგენელს არ აქვს უფლება, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობდეს, არ მომწონს. საქმე პირველად პროფესიაში კი არ არის, არამედ, მის დამატებით კვალიფიკაციაშია. ამ მხრივ, მმართველ პარტიას ვერც მოვუწონებდი და ვერც დავუწუნებდი ადამიანურ რესურსებში აქცენტს ამა თუ იმ პროფესიულ ნიშანზე. მაგალითად, იგივე კახი კალაძე კვალიფიციური ადამიანი გამოდგა ფინანსების მართვაშიც, პოლიტიკურ ტექნოლოგიებშიც და დიპლომატიაშიც კი. მმართველი პარტიის სისუსტე სხვა რამეშია. ეს არის უცნაური და გაუგებარი მიდგომა — თითქოს წინასწარვე თავის დაზღვევა იმაში, რომ შერჩეული ადამიანებისგან ჰქონდეს გარანტია იმისა, რომ ისინი არაფერზე შეეკამათებიან და ეფექტურად შეასრულებენ პარტიულ დავალებებს. თავად პოლიტიკას კი ისევ ძველი სახეები განსაზღვრავენ. ეს არ არის თანამედროვე პარტიის მიდგომა, უფრო მოდერნიზებული საბჭოური კონცეფციაა… მიუხედავად ამისა, რამდენიმე სახე მმართველი პარტიის სახეებში იმედს მიქმნის, რომ იქნებიან თავისუფლები და შეუპოვრები საქმიანობისას…“
სახელისუფლებო გუნდთან დაახლოებულ წრეებში, ბოლო დროს სულ უფრო და უფრო არ ერიდებიან საუბარს იმაზე, რომ საარჩევნო სიის დაკომპლექტებაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე მეტი როლი ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს მიუძღვის. ქვეყნის რეგიონებში კანდიდატების წარდგენისას პრემიერ-მინისტრზე აქტიური ვიცე-პრემიერი იყო. ამ თვალში საცემი აქტიურობის მიღმა საჯარო გამოსვლების ხანგრძლივობა, ტექსტების შინაარსი იგულისხმება. რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“, გიორგი კვირიკაშვილის სახით, არ ჰყავს მხოლოდ ერთი გამოკვეთილი ლიდერი და ამ ფუნქციის მორგებას თანდათან ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ცდილობს. ამ ფონზე საზოგადოების ერთ ნაწილს აინტერესებს — არის თუ არა კახი კალაძის ქმედება ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელდასმული და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამდენად სავარაუდოა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კახი კალაძით ჩანაცვლება. ამ და სხვა შინაარსის კულუარული ჩურჩულის კომენტირებით ანალიტიკოსებს არ შევაწუხებ და მოკლედ ვიტყვი: რაც შეეხება მომავალ პრემიერს, ჯერ არჩევნები გადავიაროთ და ამ თემაზე მაშინ ვიმსჯელოთ, როცა ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება…