თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. პარტიამ „ქართულმა ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები მთაწმინდის პარკში გამართულ ღონისძიებაზე თავად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა.
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: გლდანში, მე-20 ოლქში — გენერალი კობა კობალაძე; გლდანში, 21-ე ოლქში, — ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე ლევან კობიაშვილი; გლდანში, 22-ე ოლქში — ფეხბურთელი ლევან კობერიძე; დიდუბეში, მე-15 ოლქში — მსახიობი ზაზა პაპუაშვილი; დიდუბეში, მე-16 ოლქში — ილია წულაია;.ვაკეში, მე-2 ოლქში — მორაგბე ბიძინა გეგიძე; ვაკეში, მე-3 ოლქში — მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი. ისანში, მე-8 ოლქში — მორაგბე ირაკლი აბუსერიძე; ისანში, მე-9 ოლქში —ბიზნესმენი დავით ჭიჭინაძე; ისანში, მე-10 ოლქში — საკრებულოს წევრი ბექა ნაცვლიშვილი; კრწანისში, მე-7 ოლქში — ბიზნესმენი ბექა ოდიშარია; ნაძალადევში, მე-17 ოლქში კენჭს — იურისტი სოფო კილაძე იყრის; ნაძალადევში, მე-18 ოლქში — ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი; ნაძალადევში, მე-19 ოლქში — ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია; საბურთალოზე, მე-4 ოლქში — მამუკა მდინარაძე; საბურთალოზე, მე-5 ოლქში — ნინო გოგუაძე; საბურთალოზე, მე-6 ოლქში — ლევან გოგიჩაიშვილი; სამგორში, მე-11 ოლქში — გიორგი მოსიძე; სამგორში, მე-12 ოლქში — მარიამ ჯაში; სამგორში, მე-13 ოლქში — სპორტსმენი შოთა ხაბარელი; ჩუღურეთში, მე-14 ოლქში კი — გია ვოლსკი.
მთაწმინდაზე, 1-ელ ოლქში პარტიას თავისი კანდიდტურა არ წამოუყენებია. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პარტია ამ ოლქში ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. პრემიერ-მინისტრის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ყოფნა პარლამენტში მნიშვნელოვანია, შესაბამისად, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ერთადერთი ასეთი პრეცედენტია.
სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
„მე მჯერა, რომ თითოეული ჩვენი კანდიდატი მოიპოვებს მოქალაქეთა უმრავლესობის ნდობას, მხარდაჭერას და დამაჯერებლად გაიმარჯვებს. წარმატებებს ვუსურვებ ყველას“, — განაცხადა პრემიერმა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას.