თბილისი, 7 აგვისტო Sputnik. დღეს ახალციხეში გიორგ ი კვირიკაშვილმა პოლიტიკური პარტია ”ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს” სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.
ბორჯომსა და ასპინძაში ”ქართული ოცნების” სახელით კენჭს გედევან ფოფხაძე იყრის, რომელიც ამჟამად ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატია.
ახალციხესა და ადიგენში ”ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ახალციხის მერი გიორგი კოპაძე იქნება. ხოლო ახალქალაქსა და ნინოწმინდაში სამი მოწვევის პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი.
”ჩვენ ყველამ ერთად, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, 2012 წელს გავიმარჯვეთ და წელსაც, ამ არჩევნებშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან რეალური ნაბიჯებით მივდივართ წინ, ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისკენ, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობისკენ. ჩვენ ამ გზაზე თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვაძლიერებს. ჩვენ არჩევნებში ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, ”ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს”, — განაცხადა მან.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე დასახელებულია იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში.