თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა–მთიანეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატი წარადგინა, იუწყება მთავრობის მეთაურის პრეს–სამსახური.
დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი გახდა მოქმედი დეპუტატი მმართველი პარტიიდან ზაქარია ქუცნაშვილი, ხოლო მცხეთის დეპუტატობის კანდიდატი – პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
„მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო ბატონ დიმიტრის, ბატონ ზაქარიას. მინდა, გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ამით საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს. ჩვენ ფიცს ვდებთ, აქ, ამ წმინდა მიწაზე, რომ მოვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, თითოეული თქვენგანის ინტერესს და საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება. ამის წინაპირობაა პირველ რიგში თქვენი მხარდაჭერა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
მანამდე „ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა იმერეთის, სამეგრელო–ზემო სვანთისა და გურიის რეგიონებში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.