ბესიკ ფიფია
„როგორ მოვხვდი აქ? არ ვიცი. რისთვის? არც ეს“ — ამ სიტყვებით იწყებს ლევ ტოლსტოი დღიურში 1851 წლის 30 მაისის ჩანაწერს. მწერალი კავკასიაში საკუთარ ძმას, პოდპორუჩიკ ნიკოლაი ტოლსტოის ჩამოჰყვა გამცილებლად, რომელსაც სამხედრო სამსახური სწორედ აქ უნდა გაევლო.
ძმები სტანიცა სტაროგლადკოვსკაიაში დაბინავდნენ…
ლევ ტოლსტოიმ ახლოს გაიცნო ჯარისკაცული ცხოვრება. ის კი არა, ერთხელ ჩეჩნების წინააღმდეგ იერიშშიც მიიღო მონაწილეობა, როგორც მოხალისემ და კავკასიური კორპუსის სარდლის, კნიაზ ალექსანდრ ბარიატინსკის ყურადღებაც კი მიიპყრო.
სარდალმა 23 წლის ტოლსტოის სამხედრო სამსახურში შესვლაც კი შესთავაზა და მანაც მალე თხოვნა აახლა არმიის ხელმძღვანელობას.
და აი, 1851 წლის ოქტომბერში ლევ ტოლსტოი ძმასთან ერთად მოემართებოდა ტფილისისკენ, რათა „გამოცდები დაეჭირა“.
სტაროგლადკოვსკაიადან ტფილისამდე ძმებს დიდი და ხანგრძლივი გზა ჰქონდათ გამოსავლელი… ყაზბეგში შეჩერდნენ. მომავალმა მწერალმა მთაზე ტაძარი შენიშნა და ასვლა მოინდომა. წმიდა სამების შუა საუკუნეების ეკლესიისკენ მიმავალი ორკილომეტრიანი ციცაბო აღმართი ტოლსტოიმ ქართველ გამცილებლებთან ერთად გადალახა…
ტფილისმა ტოლსტოიზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. აი, რას წერდა ის დეიდას, ტატიანა ერგოლსკაიას:
„ტფილისი ფრიად ცივილიზებული ქალაქია — პეტერბურგს ჰბაძავს და გამოსდის კიდეც, რჩეული ხალხმრავალი საზოგადოებითა. არის რუსული თეატრი და იტალიური ოპერა, რომლებშიც ისე ხშირად დავდივარ, როგორც ამას ჩემი მწირი სახსრები სწვდება. ვცხოვრობ გერმანელების კოლონიაში, ქალაქის განაპირად, მაგრამ ამას ორი დიდი სარგებელი მოაქვს ჩემთვის. პირველი, რომ ეს ბაღ-ვენახებით გარშემორტყმული მშვენიერი ადგილია და თავი უფრო სოფლად მგონია, ვიდრე ქალაქად (აქ ძალიან სიცხეებს იჭერს, აქამდე არც თოვლი მოსულა და არც ყინვები დაწყებულა); მეორე უპირატესობა კი ისაა, რომ ორ საკმაოდ სუფთა ოთახში თვეში ხუთ მანეთს ვიხდი ვერცხლით. ქალაქში კი ასეთ ბინას თვეში 40 ვერცხლის მანეთზე ნაკლებ ვერ იქირავებ. ამას ერთვის ისიც, რომ უფასო პრაქტიკაცა მაქვს გერმანულ ენაში, წიგნებიცა, მეცადინეობებიცა და უქმეებიცა, იმიტომ რომ არავინ მაწუხებს თავისი მოსვლითა“.
ტფილისი ისე მოეწონა ლევ ტოლსტოის, რომ დარჩენაც კი გადაწყვიტა. დეიდას სწერდა კიდეც:
„… რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებსა, თუ სამხედრო სამსახურში ვერ შევალ, შევეცდები სამოქალაქო სამსახურში ჩავდგე — ოღონდ აქა და არა რუსეთში, რომ მერე არ თქვან, ნაცარქექიობდაო. ყოველ შემთხვევაში, არასდროს ვინანებ იმასა, რომ კავკასიაში ჩამოველ…“
სხვათა შორის, ლევ ნიკოლოზის ძემ სწორედ ტფილისიდან აცნობა ტატიანა ერგოლსკაიას, რომ ყურად ეღო მისი რჩევა და რომანის წერას შესდგომოდა, რომ ტფილისში ის ძირითადად ამით იყო დაკავებული.
„გახსოვთ, ჩემო კეთილო, ერთხელ რომ მირჩიეთ, რომანები დაწერეო? ჰოდა. აი, მივდევ თქვენს რჩევასა… ჯერ არ ვიცი, ოდესმე იხილავს თუ არა დღის სინათლეს ის, რასაც ვწერ, მაგრამ ეს საქმიანობა მომწონს და თანაც ძალიან ღრმად შევტოპე საიმისოდ, რომ მივატოვო…“
სწორედ ტფილისში დაიწერა ლევ ტოლსტოის პირველი ნაწარმოების, ბავშვობის ყველაზე რთული ნაწილი. მოთხრობა ნიკოლაი ნეკრასოვმა ჟურნალ „სოვრემენნიკში“ გამოაქვეყნა და მაშინვე გასაოცარი წარმატება მოიპოვა…
ლევ ტოლსტოიმ ტფილისში ორ თვეზე ცოტა მეტი დრო გაატარა. 1852 წლის 3 იანვარს მან წარმატებით „დაიჭირა გამოცდა“ არმიაში შესასვლელად, იუნკერის ფორმით შეიმოსა და მე-20 საარტილერიო ბრიგადის მე-4 ბატარეაში ჩაირიცხა, რომელიც მუხროვანში იდგა ბინად…
ტოლსტოის სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა საქართველო და გამუდმებით ინტერესდებოდა აქ მიმდინარე მოვლენებით. მიწერ-მოწერაც ჰქონდა საქართველოსთან და აქაურ სტუმრებსაც ღებულობდა ხოლმე იასნაია პოლიანას მამულებში. ოცნებობდა, თუნდაც კიდევ ერთხელ სწვეოდა ტფილისს…
1903 წლის თებერვალში ლევ ტოლსტოის პუბლიცისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი ილია ნაკაშიძე ესტუმრა მეუღლესთან, მწერალ ნინო ნაკაშიძესთან ერთად. მასპინძელი ფრიად გაახარა ამ ვიზიტმა. კმაყოფილი დარჩა ქალბატონი მარია ნიკოლაევნაც, ლევ ტოლსტოის და, რომელსაც, როგორც თავად შენიშნა, თურმე სულ უნდოდა კავკასიელი ქალის გაცნობა…
ტოლსტოიმ დას შეუსწორა: „კავკასიელი კი არა, ქართველი ქალი. ქართველებს არ უყვართ, როცა მათ კავკასიელებად მოიხსენიებენ. ქართველები უძველესი ხალხია… მაშა, გახსოვს, გიყვებოდი, როგორ დალაშქრა რომაელმა სარდალმა პომპეუსმა ორი ათასი წლის წინ საქართველო და როგორ წინააღმდეგობას წააწყდა…“
როდესაც სტუმრებს ემშვიდობებოდა, ლევ ტოლსტოიმ საკუთარი გულისნადები გაამჟღავნა:
„აუცილებლად გესტუმრებით და კიდევ ერთხელ ვიხილავ მზიურ საქართველოს. დიახ, ავდგები და ჩამოვალ, ასეც მოვიქცევი!“
მაგრამ იასნაია პოლიანას მამულების მფლობელს, კნიაზ ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოის ამ ნატვრას ასრულება არ ეწერა…