პეტრე ჩაიკოვსკი: უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, სამუდამოდ დავრჩებოდი ტფილისში

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიპეტრე ჩაიკოვსკი, 1887 წელი
პეტრე ჩაიკოვსკი, 1887 წელი - Sputnik საქართველო
გამოწერა

პროექტი დაფუძნებულია ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას წიგნზე „დიდი ადამიანები საქართველოში: არგონავტებიდან მარადონამდე“.

პეტრე ჩაიკოვსკი საქართველოს ხუთჯერ ესტუმრა და საერთო ჯამში აქ ხუთი თვე გაატარა. კომპოზიტორი ჩვენს ქვეყანას პირველად ვლადიკავკაზის გავლით, სამხედრო გზით ეწვია და აღფრთოვანებული დარჩა იმით, რაც გზაში იხილა. ძმის — მოდესტ ჩაიკოვსკისა და ნადეჟდა ფონ მეკის სახელზე გაგზავნილ წერილებში ის წერდა:

„ეს იმდენად საოცარი, დიდებული და განსაცვიფრებელი სილამაზის გზაა, რომ მთელი დღე ძილი არც გამხსენებია. შთაბეჭდილებათა მრავალფეროვნების გამო ინტერესი ერთი წუთითაც არ ნელდება… სანამ სადგურ დუშეთს მიუახლოვდები, ისეთი თვალწარმტაცი ხედი იშლება, რომ აღფრთოვანებისგან ტირილი გინდება…

მიხაილ ვორონცოვის სასახლე თბილისში - Sputnik საქართველო
„ყველაზე წესიერი რუსი“ - კაცი, რომელსაც ძალიან უყვარდა ქართველები

საქართველოს სამხედრო გზამ, რომლის შესახებაც ბევრი წამიკითხავს და მსმენია, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სახელგანთქმული დარიალის ხეობა, მთის ფერდობები, თოვლიანი აღმართები, არაგვის ხეობა — ყოველივე ეს მომაჯადოებელია…“

კომპოზიტორი საქართველოში უმცროსი ძმის, ანატოლი ჩაიკოვსკის ოჯახში დასასვენებლად ჩამოდიოდა. ანატოლი ტფილისში მსახურობდა — ჯერ სასამართლო პალატის პროკურორად, მერე კი ვიცე-გუბერნატორად. თუმცა ამ ვიზიტებში არანაკლებ მნიშვნელოვანი როლს ასრულებდა კომპოზიტორი, დირიჟორი და პედაგოგი მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვიც, რომელიც თბილისის ოპერის თეატრში ენერგიულად ეწეოდა ჩაიკოვსკის პროპაგანდას.

იპოლიტოვ-ივანოვი იხსენებდა: „1885 წელს ტფილისში სამსახური დაიწყო პეტრე ჩაიკოვსკის ძმამ, ანატოლი ილიას ძემ, რომელიც ჩვენი მუსიკალური საზოგადოების დირექციის წევრი იყო და რომელსაც დავუმეგობრდი. ორივემ საერთო ძალისხმევით დავარწმუნეთ პეტრე ილიას ძე, ტფილისში ჩამოსულიყო, ვცდილობდით გვეცდუნებინა კავკასიონის სილამაზითა და სამხრეთული ბუნების მომხიბლაობით, რაც მას განსაკუთრებით იზიდავდა. და აი, 1886 წლის აპრილში ის ტფილისში ჩამოვიდა“.

ჯონ შალიკაშვილი ნაბდით - Sputnik საქართველო
ჯონ შალიკაშვილი, უარით გაწბილებული ბილ კლინტონი და შეუმოკლებელი გვარი

თუმცა კომპოზიტორს ტფილისში მის ვიზიტამდეც კარგად იცნობდნენ. აქაურ თეატრში დიდი წარმატებებით იდგმებოდა ჩაიკოვსკის ოპერები: „მაზეპა“, „ევგენი ონეგინი“, „ორლეანელი ქალწული“, „ჯადოქარი ქალი“.

თბილისი პირველი ქალაქი იყო, სადაც ჩაიკოვსკის სიყვარულით გაჯერებულ ვითარებაში დახვდნენ, პატივი მიაგეს და აღიარეს. აი, როგორ აღწერს მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი მტკვრის ნაპირებზე კომპოზიტორის საპატივცემულოდ გამართულ ზეიმებს, რომელიც ჯერ კიდევ არ სარგებლობდა საერთო სახალხო აღიარებით.  

„იმ წელს საუცხოო გაზაფხული იდგა. ყვავილებს მიჰქონდა იქაურობა.   ჭარბობდა ჩაიკოვსკის საყვარელი შროშანები. თეატრი, სადაც ზეიმი გაიმართა, მთლიანად ყვავილებით მოერთოთ. ხოლო ლოჟა, რომელიც ძვირფასი სტუმრისა და მისი ოჯახისთვის იყო განკუთვნილი, მთლიანად შროშანებში იყო ჩაფლული. ქუთაისიდან მთელი ვაგონი შროშანები გა მოვიწერეთ…

ზუსტად 8 საათზე ლოჟაში შევიდნენ პეტრე ილიას ძე და მისი ძმა ანატოლი მეუღლითა და ქალიშვილითურთ. გუნდმა, ორკესტრმა და მსახიობებმა „დიდება“ დააგუგუნეს, რომელიც „მაზეპას“ პირველი აქტიდან გვქონდა აღებული და შესაბამისად გადაკეთებული. „ჩვენი გეტმანის“ ნაცვლად ჩავსვით სიტყვები „ჩვენს გენიოსს საუკუნო დიდება“. დარბაზი ფეხზე წამოდგა და პეტრე ილიას ძეს ყიჟინით მიესალმა. აღელვებული კომპოზიტორი ამაზე უკვე ჭაღარაშერეული თავის მოკლე და ნერვული დაკვრით პასუხობდა…

© Sputnik/А. Свердловპეტრე ჩაიკოვსკი ძმებთან და მეგობართან ერთად
პეტრე ჩაიკოვსკი ძმებთან და მეგობართან ერთად - Sputnik საქართველო
პეტრე ჩაიკოვსკი ძმებთან და მეგობართან ერთად

დაიწყო კონცერტი, რომლის მსვლელობისასაც კომპოზიტორისა და მსახიობების მიმართ მხურვალე ოვაციები არ ცხრებოდა. ყველაფერმა ზედმეტად კარგად ჩაიარა, დიდებული დღესასწაული გამოვიდა, რომელიც ბრწყინვალე ბანკეტით დასრულდა“.

თავად პეტრე ჩაიკოვსკის კი დღესასწაული ასე დაამახსოვრდა: „აქაურ თეატრში (ტფილისში) ჩემს საპატივცემულოდ დიდი ზეიმი მოეწყო… ყოველივე ამან საშინლად დამქანცა, მაგრამ მოგონებანი ამ ზეიმის შესახებ, რომლის მსგავსიც არსად და არასდროს მღირსებია, მთელი სიცოცხლის მანძილზე მომგვრის სიამოვნებას“.

პირველ ჯერზე ჩაიკოვსკი ტფილისში ცოტა ხანს დარჩა. აქედან ის   უცხოეთში გაემგზავრა. მაგრამ მოუთმენლად ელოდა იმ ქალაქში დაბრუნებას, რომელიც ეგზომ შეჰყვარებოდა და რომელზეც აღფრთოვანებით წერდა: „[ტფილისის] მთავარ ქუჩებზე სიცოცხლე ჩქეფს, აქ მდიდრული მაღაზიებია და საერთოდაც, ევროპის სურნელი ტრიალებს… ტფილისი იტალიურ ქალაქს ჩამოჰგავს, განსაკუთრებით ფლორენციას“.

ნილს ბორი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ფიზიკის ღმერთისა და პირველი ატომური ბომბის შემქმნელის მოგზაურობა თბილისში

ჩაიკოვსკის აოცებდა და აღაფრთოვანებდა ძველი ტფილისის ვიწრო ქუჩაბანდები და ხელოსანთა ცხოვრების კოლორიტი, რომლებიც „გამვლელების თვალწინ“ მუშაობდნენ. ქალაქის ეს ნაწილი მას ვენეციასა და გენუას აგონებდა.

გავიდა ორ წელზე ცოტა მეტი და ჩაიკოვსკი ტფილის მეორედ ეწვია. ამჯერად ქალაქში ათი დღე გაატარა, მერე კი 25 დღით ბორჯომში განმარტოვდა.

„გზა ბორჯომამდე მეტად მოხერხებული და თვალწარმტაცია, — წერდა ჩაიკოვსკი. — აქ დიდებული პარკებია… ბორჯომი უკვე სამუდამოდ მიყვარს… გარდა საოცარი სილამაზის ბუნებისა, აქ მინერალური წყაროებიცაა, რომელთაგან ერთი ძალიან ჰგავს ვიშის წყალს… გადავწყიტე, მკურნალობის კურსი აქ გავიარო“.

© საქართველოს ეროვნული არქივიპეტრე ჩაიკოვსკი ტფილისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგებთან. 1887 წელი
პეტრე ჩაიკოვსკი ტფილისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგებთან. 1887 წელი - Sputnik საქართველო
პეტრე ჩაიკოვსკი ტფილისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგებთან. 1887 წელი

ბორჯომში ჩაიკოვსკიმ მეტად მნიშვნელოვანი საქმის განსახორციელებლად გამონახა დრო. მან რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამეს ვრცელი წერილი აახლა, რომელშიც სთხოვდა, სახსრები გამოეყო ახალი საოპერო თეატრის შენობის დასასრულებლად, რომელიც ეკადრებოდა „ისეთი მშვენიერი ქალაქის ღირსებას, როგორიცაა ტფილისი“.

ჩაიკოვსკის მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა: ფული გამოიყო და თეატრის მშენებლობა დასრულდა.

ბორჯომში ჩაიკოვსკიმ მიხეილ ლერმონტოვის ლექსზე „Ночевала тучка золотая“ დაწერა საგუნდო სიმღერა „Утес”, რომელშიც ცნობილი ქართული სიმღერის, „ახალაღნაგო სულო დას“ ინტონაციური გამოძახილი იგრძნობა. ბორჯომშივე მუშაობდა სუიტაზე „მოცარტიანა“ და სექსტეტზე „მოგონებანი ფლორენციაზე“.

ჩაიკოვსკიმ საქართველოში შექმნა სიმფონიური ბალადა „ვოევოდა“, ბალეტ „მძინარე მზეთუნახავის“ მუსიკაზეც იმუშავა და ოპერა „ჯადოქარი ქალის“ მონახაზიც გააკეთა.

იმპერატორი ალექსანდრე  III - Sputnik საქართველო
ალექსანდრე III საქართველოში: შეხვედრა კარდენახელ გლეხებთან და ქეიფი აზარფეშებით

უფრო მეტიც, ბალეტ „მაკნატუნაში“ კომპოზიტორმა ქართული „იავნანის“ ჰანგები გამოიყენა, რომლის ჩანაწერიც მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვმა გადასცა.

1888 წელს, ევროპაში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, პეტრე ჩაიკოვსკიმ კვლავ ტფილისისკენ აიღო გეზი და კვლავ საქართველოს სამხედრო გზის გავლით.

„ძნელია გამოვთქვა, როგორ მოვისწრაფი ტფილისისკენ, — წერდა ჩაიკოვსკი მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვს. — თავადაც გამკვირვებია, ნეტავ, რას ეყრდნობა ჩემი სრულიად განსაკუთრებული სიმპათია ამ ქალაქისადმი“.

1889 წელს კი კომპოზიტორი ლონდონიდან გამოემგზავრა საქართველოსკენ. ტფილისში ამჯერად ბათუმის გავლით ჩამოვიდა. ჩაიკოვსკი შეძრა მდინარე რიონის ჭალების სილამაზემ. ნადეჟდა ფონ მეკისადმი მიწერილ წერილში იგი ასე აღწერდა ამ სურათს:

პეტრე ჩაიკოვსკი ტფილისურ საზოგადოებასთან ერთად
პეტრე ჩაიკოვსკი ტფილისურ საზოგადოებასთან ერთად - Sputnik საქართველო
პეტრე ჩაიკოვსკი ტფილისურ საზოგადოებასთან ერთად

„რა არაჩვეულებრივი მხარეა ეს კავკასია! შეუძლებელია, მაგალითად, იმის აღწერა, რამდენად დიდებული, ლამაზი და მცენარეულობით მდიდარია რიონის ჭალა…

წარმოიდგინეთ, ჩემო ძვირფასო, ვრცელი ხეობა, ორივე მხრიდან უცნაური ფორმის მთებითა და კლდეებით შემოსაზღვრული, რომლებზეც როდოდენდრონები და გაზაფხულის სხვა ყვავილები ხარობს, ხასხასა მწვანე ფოთლებიანი ხეებით სავსე ჭალა და წყალუხვი, ხმაურიანი, დაკლაკნილი რიონი. გარწმუნებთ, მარტო ამისთვისაც კი ღირს კავკასიაში ჩამოსვლა…

არ მოველოდი, რომ ტფილისში ასე კარგად ეცოდინებოდათ ჩემი მუსიკა. ჩემს ოპერებს აქ უფრო ხშირად ასრულებენ, ვიდრე სადმე სხვაგან. განსაკუთრებით „მაზეპას“ აქვს დიდი წარმატება. ეს ყველაფერი მეტად მსიამოვნებს და ტფილისის ტრფიალად მაქცევს, რომელიც ისედაც ძალიან მომწონს“.

პეტრე ჩაიკოვსკი თბილისში ბოლოს 1890 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდა და აქ ხუთი კვირა დაჰყო. გამგზავრებამდე მუსიკალური საზოგადოების კონცერტს უდირიჟორა. კონცერტის წინ ჩაიკოვსკის ცოცხალი ყვავილების მდიდრული გვირგვინები და სადირიჟორო ჯოხი მიართვეს, ხოლო მისი დასრულების შემდეგ ლამის ყვავილებში ჩაფლეს.

კონცერტის მერე „ტფილისის საარტისტო საზოგადოებაში“ საზეიმო ვახშამი მოეწყო, რომელზეც კომპოზიტორს უამრავი თბილი სიტყვა და სადღეგრძელო მიუძღვნეს.

© ბესიკ ფიფიასახლი ტფილისში, რომელშიც ჩაიკოვსკი ცხოვრობდა
სახლი ტფილისში, რომელშიც ჩაიკოვსკი ცხოვრობდა - Sputnik საქართველო
სახლი ტფილისში, რომელშიც ჩაიკოვსკი ცხოვრობდა

მეორე დღეს ჩაიკოვსკიმ ტფილისი დატოვა. ნათესავების, მეგობრებისა და თაყვანისმცემლების დიდმა ჯგუფმა კომპოზიტორი მცხეთამდე გააცილა, სადაც „თეთრ დუქანში“ გამოსათხოვარი საუზმე მოუწყვეს.

ეს ბოლო ვიზიტი იყო. ჩაიკოვსკი საქართველოში მეტად აღარ ჩამოსულა, ქვეყანაში, რომლისკენაც სიცოცხლის ბოლომდე მოუწევდა გული.

„უსაშველოდ კმაყოფილი ვარ ტფილისში სტუმრობით, — წერდა ჩაიკოვსკი დირიჟორსა და კომპოზიტორ ედუარდ ნაპრავნიკს. — რა საოცარი ქვეყანაა! უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, სამუდამოდ იქ დავსახლდებოდი“.

ყველა ახალი ამბავი
0