ზოგიერთი ნამუშევრის ჩვენებას მაყურებლები მოულოდნელად ელოდნენ. ერთ-ერთი მათგანია რუს-ქართველი რეჟისორის ანა სარუხანოვას ახალი ფილმი „დღის ბოლოს“. ვალერია გაი გერმანიკასთან და ანა მელიქიანთან მუშაობისას ანამ კინოსამყაროში კარგი რეპუტაცია შეიძინა. Sputnik-ის ჟურნალისტი ლევ რიჟკოვი იყო ჩვენებაზე და ანა სარუხანოვას შეხვდა.
თუ ფესტივალის წინა დღეებში ზოგჯერ ცოტათი წვიმდა, კვირას ნამდვილი თავსხმა იყო. საწვიმრებში გახვეული ჟიურის წევრები საწყლად ისხდნენ სკამებზე წვიმის ნაკადის ქვეშ. მაყურებლების უმრავლესობა კი იტალიური რესტორნის ვერანდაზე იმალებოდა. იქ საკმაოდ მყუდრო ატმოსფერო სუფევდა. ჩვეულებრივ მაყურებელს ახლოდან შეეძლო ენახა კინოვარსკვლავები, რეჟისორები, პროდიუსერები.
ანა სარუხანოვას ფილმი „დღის ბოლოს“ მოგვითხრობს ორი დის — თანამედროვე გოგონების შესახებ, რომლებმაც ძლივს გადაწყვიტეს ბაბუას მონახულება. ის კი დაიკარგა. გოგონები ცდილობენ მის მოძებნას, ადიან სახურავზე (საიდანაც ორი წამით თანამედროვე თბილისზე შესანიშნავი ხედი იშლება), თამაშობენ ძველ რკინიგზას, ტირიან. რით დასრულდა, არ ვიტყვი, მაგრამ მაყურებლებმა ფილმი ხმამაღალი და გულახდილი ოვაციებით გააცილეს.
ანა სარუხანოვა ერთ-ერთ მაგიდასთან ვიპოვე, სადაც ის მაყურებლებისა და კოლეგებისგან მილოცვებს იღებდა.
„მე დავიბადე თბილისში 1988 წელს,- ყვება ანა. —შემდეგ ჩემი მშობლები 1992 წელს მოსკოვში გადავიდნენ. მე მოსკოვში ვსწავლობდი, მაგრამ არდადაგებზე ყოველთვის თბილისში ჩამოვდიოდი. ჯერ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. შემდეგ სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლეს კურსებზე ჩავაბარე ვლადიმერ ხოტინენკოს, ვლადიმერ ფენჩენკოს და პავლე ფინის სახელოსნოში“.
ფესტივალზე წარმოდგენილი მოკლემეტრაჟიანი კინო სარუხანოვამ თბილისში გადაიღო.
„ფილმი ძალიან სწარაფად გადავიღეთ, — ყვება ანა. — და ძალიან იაფად. ყველა საიდუმლოს ვერ გავამხელ, მაგრამ ყველა ახალგაზრდა რეჟისორს მინდა ვუთხრა — ეს კაპიკებია! ყველანი მეხმარებოდნენ. დაბალ ხელფასზე დათანხმდნენ. საქმე ისაა, რომ თუ ხალხს მოსწონს ისტორია, ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ ის გამოვიდეს“.
რეჟისორის სიტყვებით, ეს სურათი — „სრული მეტრის ცდაა“, რომელიც ასევე თბილისში იქნება გადაღებული.
„ოპერატორთან შეწყობა მინდოდა,თბილისში მასთან ერთად დიალოგური ისტორიის გადაღება, —ყვება ანა.- საქმე ისაა, რომ მე მესმის ქართული ენა, მას კი —არა. მაგრამ ყველაფერი გამოვიდა და ერთმანეთს შეეწყო“.
ერთი შეხედვით, ფილმი ორი გოგოსა და მათი ბაბუის მარტივი ისტორიაა. მაგრამ ეს სიმარტივე სხვადსხვა ფილოსოფიურ ინტერპრეტაციას მალავს.
„დასრულების მერე ფილმი რეჟისორს აღარ ეკუთვნის, — ამბობს ანა. — მე მგონია, რომ „დღის ბოლოს“-ადამიანური ეგოიზმის გახსნის ისტორიაა. თუმცა ამ ეგოიზმის განხილვის გარეშე“.
ამ ზაფხულს ფილმი საქართველოში ბათუმის ფესტივალზე წარდგება. შემოდგომით კი რუსეთში, „კინოშოკზე“. ასევე განიხილება მისი მონაწილეობა ფესტივალზე იტალიის ქალაქ ლოკარნოში.