არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის თანახმად ოლიმპიური თამაშების სავიზიტო ბარათი — ეს ოლიმპიური სოფელია.
რიოს ოლიმპიურ სოფელში მსოფლიოს 10 ათასამდე სპორტსმენ ცხოვრობს, ყველა თანაბარ პირობებში — დაწყებული დებიუტანტებით, დასრულებული ისეთი ვარსკვლავებით, როგორებიც არიან ნოვაკ ჯაკოვიჩი, რაფაელ ნადალი, მაიკლ ფელპსი თუ სხვები.
ერთადერთი ნაკრები, რომელმაც ოლიმპიურ სოფელში ცხოვრებაზე უარი განაცხადა, ეს აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებია, ეგრეთ წოდებული, Dream team. მათ დაფრახტულ იახტაზე ცხოვრება არჩიეს.
რიოს ოლიმპიური სოფელი ბარა დი ტუჟუკას რაიონშია გაშენებული და 17 სართულიანი 31 კორპუსისგან შედგება.
როგორც წესი, თამაშების დასრულების შემდეგ, სოფელს ჩვეულებრივ საცხოვრებელ რაიონად იყენებენ და კორპუსებში ადგილობრივებს ასახლებენ.
Sputnik-ის ქართველი კორესპონდენტის ყურადღება მე-15 კორპუსისკენაა მიპყრობილი, რომლის ბოლო სამ სართულზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ცხოვრობს. ამას ეროვნული დროშებითაც მიხვდებით, რომლებიც აივნებზე ფრიალებს.
ქართველი სპორტსმენების ნაწილი უკვე ემზადება რიოდან გამოსამგზავრებლად — მაგალითად, ძიუდოისტები, რომლებმაც უკვე დაასრულეს გამოსვლა, და მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე.
თუმცა ჯერ კიდევ ბევრ სპორტსმენი მხოლოდ ემზადება შეჯიბრებისთვის. კერძოდ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები, რომლებისთვისაც ოლიმპიადა 14 აგვისტოს იწყება. სწორედ მათგან შევიტყობთ, როგორი პირობებია რიოს ოლიმპიურ სოფელში.
„პრინციპში, მე მომწონს, როგორცაა აქაურობა მოწყობილი. ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა და ლამაზი. ერთადერთი მინუსი — ეს ძალიან არაკომფორტული ნომრებია, იმიტომ რომ ოთახები ძალიან პატარებია. ამიტომ ორ-ორ სპორტსმენს ასახლებენ თითო ნომერში. იმედი მაქვს, რომ ეს ჩემს საბრძოლო განწყობაზე არ იმოქმედებს. უკიდურესად მოტივირებული ვარ და ყველა ორთაბრძოლის მოგებისთვის განწობილი“, — თქვა შმაგი ბოლქვაძემ.
მას თანაგუნდელმა რევაზ ნადარეიშვილიც ეთანხმება.
„ყველაფერი მშვენივრადაა. ეგაა მხოლოდ, ნომრები არა სწორად გათვლილი. ცოტა დიდი უნდა გაეკეთებინათ“, — აღნიშნა მან.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ბეგი დარჩიას ყურადღებას არა საცხოვრებელი პირობები, არამედ მომავალი ბრძოლები იპყრობს.
„რიოს ოლიმპიადაზე ხუთი მოჭიდავით ვარ ჩამოსულები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად გამოვიდეთ. ოლიმპიადაზე ნებისმიერ დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ წინასწარ რამის დაგეგმვა არ შეიძლება. თითოეულ მოჭიდავეს შეუძლია მედლის აღება. ერთი რამ შემიძლია ზუსტად ვთქვა, რომ მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა და მთელი გუნდი საბრძოლო განწყობაზე“, — განაცხადა დარჩიამ.
მოცურავეთა ნაკრების მწვრთნელი ზურაბ ხომასურიძე უკმაყოფილოა საორგანიზაციო საკითხებით.
„სამ ოლიმპიადაზე ვარ ნამყოფი — სპორტსმენის რანგშიც და მწვრთნელისაც. ეს ჩემთვის მეოთხე ოლიმპიადაა და შესადარებელი მაქვს. ჩემი აზრით, რიო ყველაზე სუსტადაა ორგანიზებული. ლონდონში ყველაფერი ბევრად უკეთესად იყო — დაწყებული ოლიმპიური სოფლიდან, დასრულებული კვებით“, — განაცხადა ხომასურიძემ.