თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. სიგრძეზე მხტომელმა ქართველმა მძლეოსანმა ბაჩანა ხორავამ რიოს ოლიმპიადაზე ფინალში გასვლა ვერ შეძლო და თამაშებზე გამოსვლა დაასრულა.
კვალიფიკაციაში ხორავამ 7 მ და 77 სმ შედეგი აჩვენა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა 12 უძლიერესის ჩამონათვალში მოსახვედრად. გამსვლელი 7 მ და 85 სმ იყო, ხორავას შედეგი კი მხოლოდ მე-19 ადგილისთვის გამოდგა საკმარისი.
კვალიფიკაციაში გამარჯვებული ჩინელი ვან ძიანია, რომელიც 8 მ და 24 სმ-ზე გადახტა.
„დიდი მადლობა ყველას ასეთი გვერდში დგომისთვის, ყველანაირად ვეცადე თკვენი იმედები გამემართლებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ შევძელი. 7.77-ით დავამთავრე წლევანდელი სეზონი — ყველაზე ცუდი წელი ჩემ სპორტულ კარიერაში… მაგრამ ყველაფერი წინაა, დანებებას არ ვაპირებ“, — დაწერა ხორავამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
რიოს ოლიმპიადაზე კიდევ ოთხი მძლეოსანი გამოვა საქართველოს სახელით:
• დავით ხარაზიშვილი — მარათონული რბენა
• ბენიკ აბრამიანი — ბირთვის კვრა
• ლაშა თავდგირიძე — სამხტომი
• ვალენტინა ლიაშენკო — სიმაღლეზე ხტომა