რიო-დე-ჟანეირო, 12აგვისტო— Sputnik.კახა ბერიძე. რიოს ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების გამოსვლები დასრულდა. შვიდი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ყულაბაში ორი მედალია: ლაშა შავდათუაშვილის (-73 კგ) ბრინჯაო და ვარლამ ლიპარტელიანის ვერცხლი (-90 კგ).
უმედლოდ დარჩნენ ამირან პაპინაშვილი(-60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), ბექა ღვინიაშვილი (-100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი(+100 კგ). თუმცა ქართველი ქომაგების ყველაზე დიდი იმედგაცრუება და ტკივილი გახდა ცნობა, რომ ოლიმპიური მედლის გარეშე დარჩა ავთო ჭრიკიშვილი (-81 კგ), რომელიც თავის წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერია.
ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ამერიკელ სტივენს თრევისს დაუთმო, ბრინჯაოსათვის ბრძოლაში კი იაპონელ ტაკანორა ნაგასეს.
„ნახევარფინალამდე ჭრიკიშვილი ზედმოწევნით ზუსტად ასრულებდა დასახულ გეგმას და შედეგი სახეზე იყო. სამწუხაროდ, ნახევარფინალში ანალოგიურმა ტაქტიკამ ვერ იმუშავა“,- მოუთხრო Sputnik-ს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ.
-რა გეგმაზეა საუბარი?
— ჩვენი მიზანი ოლიმპიური თამაშების ოქრო იყო და ჩვენ პრაგმატული ბრძოლის ტაქტიკა ავირჩიეთ, რომელიც შედეგის მიღწევაზე იყო მიმართული. ასეთ სიტუაციებში სანახაობრიობა და შედეგი შეუთავსებელია. რა თქმა უნდა ავთოს შეუძლია ბრძოლის მოგება ლამაზი გდებით ან ილეთით, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია და ქომაგები აღტაცებაში მოუყვანია. მაგრამ ოლიმპიადაზე ჩვენ არ გვინდოდა გარისკვა, იმიტომ რომ აქ ერთი შეცდომის ფასიც კი ძალიან მაღალია.
-და ეს შეცდომა მან ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში დაუშვა?
— ვაღიარებ, გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ჩვენი მეტოქე იქნება ტრევისი და არა ივანოვი. ბულგარელი ახალგაზრდა და ძალიან აგრესიული ძიუდოისტია და ამ სეზონზე მაგარ ფორმაშია. რაც შეეხება ტრევისს, ის 30 წლის არის და ჩვენ მას კარგად ვიცნობთ. იმ საწყენ ეპიზოდამდე, ავთო სრულად აკონტროლებდა სიტუაციას და ამერიკელის გაფრთხილებების ხარჯზე იგებდა. მაგრამ როგორც ჩანს, ბრძოლის დასრულება მას ლამაზი ილეთით მოუნდა და თავისივე მოძრაობამ უმტყუნა, რასაც მტკივნეული ილეთი მოჰყვა, რომელიც ტრევისის კოზირია.
-ლიპარტელიანის გამოსვლას რა კომენტარს გაუკეთებდით?
— ვარლამი ნაკრების ღირსეული კაპიტანია და ოლიმპიური თამაშებისათვის მომზადების პერიოდში მან უზარმაზარი სამუშაო შეასრულა. ფინალში მისი გასვლა აბსოლიტურად კანონზომიერია და გადამწყვეტ ბრძოლაში თავის მეტოქეს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა. უბრალოდ ეს სპორტია და გადამწყვეტ ბრძოლაში მას არ გაუმართლა. ყველამ ნახა, როგორ განიცდიდა ფინალში თავის დამარცხებას. მასთან არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია.