რიო-დე-ჟანეირო, 11 აგვისტო — Sputnik, კახა ბერიძე. თითოეული ჯარისკაცის ოცნებაა, გახდეს გენერალი. თითოეული სპორტსმენის ოცნებაა, მოიგოს ოლიმპიური თამაშების ოქრო. ამაზე დიდი ჯილდო სპორტში არ არსებობს.
სპორტსმენები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებზე გამოდიან, როგორც წესი, ორ კატეგორიად იყოფიან. ერთი ნაწილისთვის ოლიმპიადაში მონაწილეობა უკვე დიდი მიღწევაა. მეორე ნაწილი კი თამაშებზე გამარჯვების მოსაპოვებლად მიდის.
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი მეორე კატეგორიას ეკუთვნის. სწორედ ამიტომ ვერ შეიკავა მან ცრემლი 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფინალში იაპონელ მაშუ ბეიკერთან დამარცხების შემდეგ.
ფინალური ორთაბრძოლის შემდეგ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებთან გასაუბრება არ მოისურვა, მაგრამ Sputnik-ს თავისი ემოციები მაინც გაუზიარა.
„ოლიმპიადის მედალი მოვიპოვე და თითქოს კმაყოფილი უნდა ვიყო, მაგრამ, სინამდვილეში, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. როცა ოქროს მედალი ხელის გაწვდენაზეა, შენ კი მას მაინც ვერ წვდები… სწორედ ამიტომ ვერ შევიკავე ემოციები დაჯილდოების ცერემონიაზე“, — თქვა ლიპარტელიანმა.
„ბოლო ოთხი წელი თავდაუზოგავად ვემზადებოდი და მიზანს თითქმის მივაღწიე — ვერცხლი მოვიპოვე. მაგრამ ეს ის მედალი არაა, რომლის იმედიც მქონდა. მინდა ყველა გულშემატკივარს, რომელიც ჩემ გამო განიცდიდა და მხარს მიჭერდა, მადლობა გადავუხადო და ბოდიში მოვუხადო, თუ მათი იმედები ვერ გავამართლე“, — აღნიშნა ქართველმა სპორტსმენმა.
მანამდე რიოს ოლიმპიადაზე მედლის გარეშე ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დარჩა.
„ავთომ თავისი მარცხი ძალზე მძიმედ გადაიტანა და მინდოდა, ჩემი გამარჯვებით მისი ტანჯვა ცოტა მაინც შემემსუბუქებინა. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს ბექა ღვინიაშვილსა და ადამ ოქრუაშვილს“, — დასძინა ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა.
შეჯიბრებების ხუთი დღის შემდეგ ძიუდოისტებს ჯერჯერობით ორი მედალი აქვთ: ბრინჯაო ლაშა შავდათუაშვილს (-73 კგ) და ვერცხლი — ვარლამ ლიპარტელიანს (-90 კგ).
დღეს, 11 აგვისტოს ტატამზე ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებს (-100 კგ); ხოლო დასკვნით დღეს, 12 აგვისტოს საქართველოს მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი (+100) წარადგენს.