თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მერვედფინალში სამხრეთ კორეელ კიმ ჯუნგვანუსთან დამარცხდა, რომელიც ოლიმპიური თამაშების პრიზიორი გახდა.
ტურნირის პირველი შეჯიბრი ბაზაძემ ბრაზილიელ რენცო არგესტისთან გამართა და გაიმარჯვა ანგარიშით 15:3.
სამხრეთ კორეელთან შეხვედრა ბაზაძემ საკმაოდ თავდაჯერებულად დაიწყო და შეჯიბრების პირველ ნახევარში ანგარიში 6:4 გახდა მის სასარგებლოდ. თუმცა სწორედ ამ დროს მოხდა ორთაბრძოლაში გარდატეხა და ჯუნგვანმა ზედიზედ ოთხი ქულის მოპოვება შეძლო.
მეორე ნაწილში ანგარიში საბოლოო ჯამში გათანაბრდა 14:14, თუმცა, გადამწვეტი ჩხვლეტა აზიის წარმომადგენელს ხვდა წილად, რომელმაც საბოლოო ჯამში მესამე ადგილი დაიკავა.
Sputnik-ი სანდროს მამას — მერაბ ბაზაძეს გაესაუბრა, რომელიც სპორტსმენის პირადი მწვრთნელია და კომენტარი სთხოვა მას.
„ყველაფერი ერთმა ჩხვლეტამ გადაწყვიტა. ეს თავისებური ლატარეაა. სანდროს რომ ეს ორთაბრძოლა მოეგო, ეჭვი არ მეპარება, ჩემპიონი გახდებოდა. მას კორეელზე გამარჯვება სჭირდებოდა და ამ დროს ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ტოკიოს ოლიმპიადამდე გარკვეული მომენტებზე მუშაობა მოგვიწევს. სანდრო ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონი აუცილებლად გახდება. ნებისმიერ შემთხვევაში, აქ, რიოს ოლიმპიადაზე ის მსოფლიოში 16 უძლიერეს მოფარიკავეს შორისაა“, — განაცხადა მერაბ ბაზაძემ.
ამ დისციპლინაში ოლიმპიური ჩემპიონი უნგრელი არონ ჟიგალი გახდა, რომელმაც ფინალში ამერიკელი დერილა გომერი დაამარცხა ანგარიშით 15:8.
ბაზაძის სიტყვებით, ჟიგალი ყველაზე უკეთესი იყო ოლიმპიურ ტურნირზე და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.
სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე Sputnik-ს ინტერვიუ მისცა >>