ქართველი მოფარიკავეებისთვის 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადა ბოლო იყო. მას შემდეგ, აგერ უკვე 20 წელია, ჩვენებურებს არცერთ ოლიმპიადაში აღარ მიუღიათ მონაწილეობა. წელს ნავსი გატყდა — რიოს თამაშებზე სანდრო ბაზაძე მიემგზავრება, მოფარიკავეთა საგვარეულოს წარმომადგენელი. სანდროს მამა, მერაბ ბაზაძე წარსულში ცნობილი მოფარიკავე გახლდათ, ახლა კი შვილის პირადი მწვრთნელია, ბექა კი, სანდროს ძმა, საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების კაპიტანია.
სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში წასვლამდე შევხვდით ინტერვიუს ჩასაწერად. ახლა, როცა ინტერვიუ ქვეყნდება, ტურნირი უკვე დასრულებულია: სანდრო ბაზაძემ მე–15 ადგილი დაიკავა 126 სპორტსმენს შორის.
დღეისათვის სანდრო მსოფლიო რეიტინგში 22–ე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა შანსი აქვს მსოფლიოს წამყვან მოფარიკავეებს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს.
— ბავშვობაში შემთხვევით „სამი მუშკეტერი“ ხომ არ იყო თქვენი საყვარელი წიგნი?
— კი, კი, სწორედაც!
— ამიტომ ხომ არ გახდით მოფარიკავე?
— არა მარტო ამიტომ. ეს ჩემი, ასე ვთქვათ, ოჯახის სპორტია და მეც მინდოდა მამისა და ძმისთვის ფეხი ამეწყო. თავიდან ფეხბურთზე დავდიოდი, მაგრამ ერთ დღესაც ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონატზე მოვხვდი და ისე მომეწონა, რომ ერთი ნახვით შემიყვარდა.
მამას ვთხოვე, ფეხბურთის მაგივრად ფარიკაობაზე ვივლი–მეთქი და აგერ უკვე რვა წელია, აქ ვარ. შედეგებიც კარგი მაქვს: 2013 წელს იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონი გავხდი, 2014 წელს ახალგაზრდა მოფარიკავეებში მოვიპოვე იგივე ტიტული, მსოფლიო თასის გათამაშებაში ვერცხლის მედალიც მოვიპოვე და რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიაც. რაც მთავარია, მიღწეულზე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ.
— გამოდის, რომ ვარჯიში ფარიკაობაში 14 წლისამ დაიწყეთ და ეს დაგვიანებული არ არის?
— კი, დაგვიანებულია. წესით 7–8 წლის ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ვარჯიში.
— თუმცა, მაინც სერიოზულ წარმატებებს მიაღწიეთ. ესე იგი, გენებში გაქვთ ნიჭი.
— შესაძლოა ასეცაა (იცინის).
— ფარიკაობას ჯენტლმენურ სპორტს უწოდებენ და რაში გამოიხატება ეს?
— დიახ, ჯენტლმენურს, სამეფოსა და არისტოკრატულს. იმიტომ რომ მოწინააღმდეგეს ბოდიში უნდა მოუხადო, თუ ძლიერად უჩხვლიტე, თუ მახვილი დაუვარდება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუტიო და იარაღიც კი შეგიძლია მიაწოდო… მოკლედ, ფარიკაობა მოწინააღმდეგეებს შორის პატივისცემითაა გაჟღენთილი.
— რა განსხვავებაა დაშნით, ხმლითა და რაპირით ფარიკაობას შორის?
— განსხვავება ნამდვილად არის. რაპირითა და დაშნით ბრძოლას შორის მსგავსება კიდევ შეიძლება იპოვოთ, მაგრამ ხმლით ფარიკაობა აბსოლუტურად განსხვავებულია. მე ხმალი იმიტომ ავირჩიე, რომ ეს უფრო სწრაფი და თანაც უფრო კაცური იარაღია.
— თქვენი გამარჯვებებიდან, რომელია უფრო დიდი თქვენთვის?
— ერთმნიშვნელოვნად ის, რომელმაც რიოს ლიცენზია მომიტანა. იმიტომ რომ ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩემი ოცნება იყო. მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპები ხშირია, ოლიმპიადა კი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება მარტო ჩემი კი არა, ყველა სპორტსმენის ოცნებაა.
— ოლიმპიადაზე, როგორც წესი, მსოფლიოს უმაღლესი კლასის სპორტსმენები, ანუ მოფარიკავეთა ნაღები შეიკრიბება და როგორც დებიუტანტს, ხომ არ გაფრთხობთ ეს? ანუ „მანდრაჟი“ არ გექნებათ?
— კი, როგორ არ მექნება (იცინის). მეტსაც გეტყვით, თუ ეს შეგრძნება გარკვეული დოზით არ გაქვს, სპორტსმენიც არ გქვია. ოლიმპიური თამაშები ურთულესი ფსიქოლოგიური ტურნირია და იმ დღეს, როცა სპორტსმენი პირველად გადის ნაოცნებარ არენაზე, ფსიქოლოგიურად მაგრად უნდა იყოს მომზადებული. ეს დღე სპორტსმენისთვის მთელი ცხოვრების ტოლია.
— ფსიქოლოგიაზე გამახსენდა: თქვენი ეკიპირების, კერძოდ, მუზარადის სპეციფიკა იმგვარია, რომ მოწინააღმდეგის თვალებს ვერ ხედავთ. ეს კარგია თუ ცუდი?
— რთული კითხვაა. ერთი მხრივ, კარგია, იმიტომ რომ ვერც მოწინააღმდეგე ხედავს შენს თვალებს და ვერ ამოიცნობს შენს ჩანაფიქრს, მეორე მხრივ კი… არა, მაინც უფრო კარგია, ვიდრე ცუდი.
— როგორ ფიქრობთ, უნდა იცოდეს თუ არა სპორტსმენმა, მით უმეტეს, ინდივიდუალური სახეობაში, წაგება?
— კი, აუცილებლად უნდა იცოდეს, რათა მერე მოგებაც ისწავლოს. გამორიცხულია, რომ სპორტსმენმა კარიერა მხოლოდ მოგებებით დაიწყოს, განსაკუთრებით, ინდივიდუალურ სახეობაში, რომელიც კიდევ უფრო რთულია, ვიდრე გუნდური.
— მოფარიკავეებს საკუთარი სტილი გაქვთ?
— აუცილებლად. ფარიკაობაში ვერაფერს ვერ გადაიღებ სხვა სპორტსმენისგან. ყველა მოფარიკავეს საკუთარი, განუმეორებელი სტილი აქვს — თვით ყველაზე პატარა ბავშვებსაც კი, რომლებმაც ეს–ესაა, ვარჯიში დაიწყეს.
— დაასახელეთ სამი თვისება, რომელიც მოფარიკავისთვისაა აუცილებელი.
— პირველი — ფსიქოლოგიური სიმტკიცე, მეორე — ძლიერი ფიზიკური მომზადება, იმიტომ რომ ამ სპორტში კუნთების ყველა ჯგუფი მონაწილეობს, და მესამე — გამარჯვების წყურვილი.
— ცხოვრებაშიც ისეთივე „ჩაკეტილი“ ხომ არ ხართ, როგორი დახურულიც თქვენი ეკიპირებაა?
— არა, ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანი ვარ(იცინის). მეგობრებთან დროს გატარება მიყვარს, თუ დრო მაქვს.
— სპორტის სახეობიდან გამომდინარე, წესით, რომანტიკოსი უნდა იყოთ.
— კი, ვარ, ოღონდ საშუალო დონის.
— როგორ ფიქრობთ, ფარიკაობა მხოლოდ მამაკაცური სპორტია?
— არა, ვფიქრობ, რომ ქალებს უხდებათ ფარიკაობა. ეს ლამაზი სპორტია და გოგონები ძალზე ეფექტურად გამოიყურებიან ეკიპირებაში — მოდელებს ემსგავსებიან და პირადად მე ძალიან მომწონს.
— როგორ გგონიათ, უმაღლესი დონის, მსოფლიო კლასის ქალ–მოფარიკავეებსა და მსოფლიო რეიტინგში 50–70–ე ადგილოსან მოფარიკავე მამაკაცებს შორის შეჯიბრება რომ გაიმართოს, რა სურათს მივიღებთ?
— ჩოგბურთში ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი და უძლიერესმა ქალებმაც კი, მაგალითად, სერენა უილიამსმა, საშუალო დონის მამაკაცი ჩოგბურთელები ვერ დაჯაბნეს. ვფიქრობ, ფარიკაობაშიც იგივე სურათს მივიღებთ. თუმცა, წესით, ქალთა რეიტინგის პირველ და მეორე ადგილზე გასულები საშუალო დონის მამაკაც მოფარიკავეს უნდა სჯაბნიდნენ. მე ასე მგონია.
— ესე იგი, ფარიკაობაში ქალებისა და მამაკაცების ტექნიკა განსხვავებულია?
— თანაც ძალიან! ქალები ოდნავ უფრო ნელები არიან. თუ დააკვირდებით, განსხვავებას შეუიარაღებელი თვალითაც შენიშნავთ. ისე, ასეთ მომენტებში შეიძლება იფიქრო კიდეც, რომ ფარიკაობა მხოლოდ მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი: პირადად მე მომწონს მოფარიკავე გოგონები.
— ვთქვათ დანით შეიარაღებულ ხულიგნებს გადაეყარეთ, ჯოხი რომ მოიგდოთ ხელში, ხმლის მაგივრობას გაგიწევთ?
— მგონი, კი. ფარიკაობამ ისე დამიხვეწა რეაქცია, რომ ხუთ ხულიგანსაც გავუმკლავდები (იცინის). თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ ფარიკაობა საბრძოლო სახეობაა და სპორტსმენი ყოველთვის ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს.
— დაახასიათეთ საკუთარი თავი სამი სიტყვით.
— ცოტა რომანტიკოსი, მებრძოლი და დაბადებული გამარჯვებისთვის.
— რა არის თქვენთვის ძირითადი მოტივატორი?
— ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სასიამოვნო, როცა ჩემი ოჯახი ჩემი გამოსვლებითა და წარმატებებით კმაყოფილია. სწორედ მათთვის ვაკეთებ ყველაფერს. მე ბედნიერი ვარ, როცა ისინი ჩემი გამარჯვებებით არიან ბედნიერები.
_ და მაინც, რას ელით რიოს ოლიმპიადისგან?
— ძალიან სერიოზულად ვემზადები, იმიტომ რომ ეს მთელი ჩემი ცხოვრების საქმე ა. რაღა თქმა უნდა, მედლის მოპოვებისთვის ვარ განწყობილი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ავიღო კიდეც. მგონი, შემიძლია ეს.
— ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი ქომაგი?
— დედა, ხათუნა კახნიაშვილი.
— ესწრება ხოლმე შეჯიბრებებს?
— არა, ძალიან განიცდის, ნერვიულობს ხოლმე და შინ ყურებას ამჯობინებს (იცინის).
— რას გეუბნებათ ხოლმე გამარჯვების ან მარცხის შემთხვევაში?
— თუ წავაგე, მეუბნება, არაუშავს, გული არ დაგწყდეს, ყველაფერი წინ გაქვს, ახალგაზრდა ხარ და ძლიერი, ყველა მიზანს მიაღწევო; როცა ვიგებ — შენ ყველაზე ძლიერი ხარ და ვამაყობო, მეუბნება.