საქართველოში დაახლოებით 25 აფთიაქი „სააფთიაქო ნარკომანიაში“ ამხილეს

გამოწერა
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დამრღვევი აფთიაქების წინააღმდეგ სანქციები არაეფექტურია.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ 25 ფარმაცევტული ობიექტი ფსიქოტროპულ პრეპარატებს ურეცეპტოდ გასცემდა, განუცხადა ჟურნალისტებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ.

ნარკომანები დაბალი ფასების გამო „ტრადიციულ“ ნარკოტიკებს ფსიქოტროპული პრეპარატებით ანაცვლებენ. გასულ კვირაში მთავრობამ ახალი რეგულაციები მიიღო, რომლის თანახმად, ფსიქოტროპული მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში ფარმაცევტს პროფესიით მუშაობა სამი წლის ვადით აეკრძალება.

აბი - Sputnik საქართველო
რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვისთვის ფარმაცევტები დაისჯებიან

„ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ეს პროცესი, რომელიც გარკვეული ჯგუფის მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენებასთან არის დაკავშირებული, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია“, — განაცხადა კილაძემ.

„სააფთიაქო ნარკომანიამ“ ტრადიციული და კუსტარული ნარკოტიკების მოხმარება მნიშვნელოვნად შეამცირა, აღნიშნა მან.

რაც შეეხება სანქციებს, პირველი დარღვევის შემთხვევაში აფთიაქს 6 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა ეკისრება, ხოლო გამეორების შემთხვევაში — 12 ათასი. თუ დარღვევა მესამედაც გამეორდება, აფთიაქს ლიცენზია ჩამოერთმევა.

ლაშა კილაძე - Sputnik საქართველო
ნარკოლოგი: ყველაფერი პაციენტის მოტივაციაზეა დამოკიდებული

„ეს საჯარიმო სანქციები იმდენად უმნიშვნელოა იმ უზარმაზარ შემოსავალთან შედარებით, რომელსაც აფთიაქები ურეცეპტოდ გაყიდული პრეპარატების რეალიზებისგან იღებენ, რომ ისინი საქმიანობას უპრობლემოდ გააგრძელებენ“, — აღნიშნა კილაძემ.

ლიცენზიის დაკარგვის შემთხვევაშიც აფთიაქები ახლიდან გადიოდნენ რეგისტრაციას და განაგრძობდნენ საქმიანობას.

ახალი რეგულაციებით ადრე ნასამართლევი იურიდიული ან ფიზიკური პირი, ასევე ბიუჯეტის წინაშე დავალიანების მქონე პირები ვერ შეძლებენ ისეთი აფთიაქის გახსნის ლიცენზიის მიღებას, სადაც ფსიქოტროპული წამლების გაყიდვა შეიძლება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 4 აგვისტოდან თბილისში, ქუთაისსა და ზღვისპირა ქალაქებში აფთიაქების სადღეღამისო მონიტორინგი დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0