თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობის სხდომაზე ახალი რეგულაციები დადგინდა, რომელთა თანახმად, ურეცეპტოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის შემთხვევაში ფარმაცევტს პროფესიონალური საქმიანობის უფლება სამი წლის ვადით შეუჩერდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიასთან“ ბრძოლის მიზნით მიიღო. მანამდე უწყებამ შესაბამისი დოკუმენტი მოამზადა ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიების, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციისა და საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, უწყებაში შექმნილია ფარმაცევტების რეესტრი. პირველივე დარღვევის შემთხვევაში, რომელსაც მონიტორინგის სამსახური დააფიქსირებს, ფარმაცევტს საქმიანობა აეკრძალება სამი წლის ვადით.
„მიუხედავად იმისა, რომ კანონი ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ მსგავსი ტიპის მედიკამენტები ფარმაცევტმა უნდა გასცეს (შესაბამისი რეცეპტის საფუძველზე), რიგ შემთხვევებში ეს პირობა ირღვევა“, — განაცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ინსტრუმენტები მოიცავდა მხოლოდ ჯარიმებს, რომელსაც აფთიაქები ნაწილობრივ, ან საერთოდ არ იხდიდნენ, ხოლო იმავე მისამართზე ახალ კომპანიას აფუძნებდნენ.
„ის შეიძლება ყოფილიყო ნასამართლევი ადამიანი, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების მქონე იურიდიული პირი. მას არანაირად არ ეზღუდებოდა იგივე მისამართზე დაუყოვნებლივ გაეგრძელებინა საქმიანობა“, — აღნიშნა სერგეენკომ.
მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი რეგულაციებით ადრე ნასამართლევი იურიდიული ან ფიზიკური პირი, ასევე ბიუჯეტის წინაშე დავალიანების მქონე პირები ვერ შეძლებენ ისეთი აფთიაქის გახსნის ლიცენზიის მიღებას, სადაც ფსიქოტროპული წამლების გაყიდვა შეიძლება.
2014 წლის 1 სექტემბრიდან ურეცეპტოდ აკრძალულია საძილე და სედატიური პრეპარატების (გარდა მცენარეულისა), ანტიდეპრესანტების, სისტემური გამოყენებისთვის კორტიკოსტეროიდების, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და იმუნომოდულატორების, ანტიმიკრობული (სისტემური გამოყენებისთვის), პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო, არითმიისა და ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო, დიაბეტისა და სხვა დაავადებების სამკურნალო წამლების გაყიდვა.